საქართველო

გიორგი გახარია: ზაზა გახელაძის საქმეზე ამოქმედებულია სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა

ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, საერთაშორისო ინსტრუმენტი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამოქმედებულია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, ეს ის საკითხია, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

„ეს ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი შინ დაბრუნებაა, ამიტომ დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს, უპირველესად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება.