საქართველო

გიორგი გახარია: ვაქცინაზე ბევრი აბსურდული ჭორი ისმის, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ისმის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვერც ვხვდები, საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი არის, რომ მოაგვაროს ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე, მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორე – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად უნდა დავიწყოთ. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე  ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც. ამასთან დაკავშირებით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.