საქართველო

გიორგი გახარია: „დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი”

ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც არსებობს, რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ  ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და რა თქმა უნდა ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, საკმაოდ ეფექტური და სწრაფი მუშაობისთვის, იმისთვის, რომ მათ უკვე შეძლეს და შემოგვთავაზეს ფაქტობრივად 100 საინვესტიციო პროექტი. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც შემოგვთავაზებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად შეძლოს ოპერირება. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და რა თქმა უნდა ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. სხვათა შორის,  ჩვენ ოქტომბერში მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზოგიერთი კოლეგების „ხულიგნობისა” ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5,7 %. 10 თვის მასშტაბით ჩვენ გვქონდა ზრდა 5,1 % რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც არსებობს, რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ. იმისთვის, რომ მივცეთ ბიზნესს საშუალება, უფრო ძლიერად ოპერირებდეს და რა თქმა უნდა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობას სრულად აქვს გააზრებული მისი ფუნქცია, შექმნას კომფორტული გარემო იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი და შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის დამოკიდებული კერძო სექტორზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი კომპონენტი არის კერძო ბიზნესი და მთავრობას სრულად აქვს გააზრებული მისი ფუნქცია, შეუქმნას კომფორტული გარემო იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი,  ჰქონდეს უფრო მეტი მოგება და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს შეთავაზება, სწორედ ამიტომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას და ვპირდებით ბიზნესს, რომ ყოველთვის ამ პროექტში არ იქნება 100-ზე ნაკლები საინვესტიციო შეთავაზება. დღეის მდგომარეობით დაახლოებით არის 117, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება გახლავთ 150 მილიონი, მაგრამ ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების რაოდენობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი, რომელიც იქნება ბიზნესთან ერთად, თანამშრომლობაში სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად განხორციელებული, ჩვენ დავაფიქსირებთ იმ სამუშაო ადგილების რაოდენობას, რომელსაც ბიზნესი აიღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ შექმნის”.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესისთვის იყოს ღირსეული და ეფექტური მედიატორი, რათა ეს პროექტები მივიყვანოთ საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე და იმისთვის, რომ  მოქალაქეებს შესთავაზონ ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები.

„ეს არის ჩვენი ძირითადი მოტივი, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და რა თქმა უნდა მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელიწადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არის გარკვეული ტურბულენტობა. მიუხედავად ამისა მთავრობაც და ბიზნესიც ბევრად უფრო კონცენტრირებულად, წყნარად, მშვიდად უფრო მეტი შემართებით, ეფექტიანობაზე მეტი კონცენტრირებით უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კოლეგებო და გპირდებით, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც განიხილავთ თქვენ და რომელზეც გამოხატავთ თქვენს ინტერესს, თითოეული სამინისტრო, მთავრობა სრულად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თქვენი ღირსეული და ეფექტური მედიატორი იმისთვის, რომ ეს პროექტები მივიყვანოთ საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები”, განაცხადა გიორგი გახარიამ.