საქართველო

გიორგი გახარია – არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება

ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს – ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პოლიციის როლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

„ექიმები და შემდგომ პოლიციელები, ყველა ერთად, 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 10 000 კაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ პროცესში ჩართული. როდესაც ადამიანს ესმის იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც აკეთებს, მეტი ღირსებით აკეთებს ამას, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, მეტი პასუხისმგებლობა აქვს თითოეული მოქალაქის და საერთოდ სამართლიანი ნაბიჯების, სამართლიანი ქმედებების კონტექსტში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვერ განვითარდება ქვეყანა, ვერ გახდება წარმატებული, ძლიერი სახელმწიფო თუ თქვენ ღირსეულად და სამართლიანად თქვენს საქმეს არ გააკეთებთ. ეპიდემიასთან ბრძოლაში პოლიციის როლი, ფუნქცია, გამოყოფილია, ცალკეა. საერთო საქმეში ამ როლის და ფუნქციის მნიშვნელობა უდიდესია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელებას და შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეკონომიკურად გააქტიურდნენ და უბრალოდ ელემენტარული შემოსავალი ოჯახში მიიტანონ, ამას პარალელური რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ეს ელემენტარული წესრიგის დაცვაა – დისტანცია, პირბადე და კიდევ ბევრი რამ. ამის შესრულებაც ახლა თქვენზეა. დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს. ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. არ არის ეს რაღაც ფუჭი მოთხოვნა. საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას.

„რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა. II ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი – ოთარ ჭელიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” – ავთანდილ ჩიტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მანუჩარ მარგიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ალექსანდრე ბირთველიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი – რამაზ თარაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი – ბაკურ კურტანიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი – ტარიელ ალავიძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი – ალექსანდრე დადიანიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – კარლო ურუშაძე.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000 მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.