საქართველო

გიორგი გახარია: „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე რომელი ნომერი ვიქნები სიაში, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის, პირველ რიგში, პანდემია“

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ყოფნა სრულიად ლოგიკურია, თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი.

„რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯოდმარე, რა თქმა უნდა“, უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ ცოტა ხნის წინ ასურეთში და დასძინა, რომ „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ თავად რომელი ნომერი იქნება ამ სიაში.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით. ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის, პირველ რიგში, პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ რისკები, ჯანმრთელობის რისკები, თითოეული ჩვენი მოქალაქის. მეორე, ეს გახლავთ, უკიდურესად მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში… და მესამე ამოცანაა, ამ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები. ახლა, როგორ ფიქრობთ, ამ სამი უდიდესი გამოწვევის, პრობლემის, ფაქტობრივად ომის პირობებში, ან მე ან რომელიმე მთავრობის წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე. სიაში ვინ იქნება ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია, რომ ქვეყანამ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, მთავრობამ უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები“, განაცხადა გიორგი გახარიამ.