საქართველო

გიორგი გახარია: „ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში“

ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა – ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

„აქ ყოფნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა – ამ სამინისტრო შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე. ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში მინისტრს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ 24-საათიანი შრომისთვის, რომელსაც ისინი ბოლო 4 თვის განმავლობაში ეწეოდნენ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები წარმატებულად მუშაობას იმავე რეჟიმში გააგრძელებენ, როდესაც ეს მომავალში დაგვჭირდება. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემია არ არის მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მის ხელმძღვანელთან ერთად სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერი დასრულებული არ არის. ეს სისტემური სამინისტროს, რომელიც ფარავს ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს სფეროს. ბოლო თვეების განმავლობაში სამინისტროში დაწყებული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესმა უნდა შესძინოს მდგრადობა ყველა მიღწევას, რომელსაც ამ სისტემამ 2012 წლიდან მიაღწია. ჩვენ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა. მინდა, გისურვოთ წარმატებები და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა სისტემის ყველა თანამშრომელს. ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ჩვენ თქვენთან ერთად მას ვაკონტროლებთ და ასე უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გახარიამ.