საქართველო

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამის მიზეზად პოსტიდან წასულმა გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები დაასახელა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. მისი აზრით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სახის რისკი გადაზღვეული იქნება და ქვეყანაში ესკალაციის საბაბი არ შეიქმნება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.