საქართველო

გიორგი გახარიამ ორი ვიცე-პრემიერი წარადგინა

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს უფრო მეტად გააძლიერებს“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველად გამართულ მთავრობის სხდომაზე ასევე თქვა, რომ ამიერიდან მინისტრთა კაბინეტის წევრები ხუთშაბათობით, დილის 10:00 საათზე შეიკრიბებიან და სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრები მედიას ინფორმაციას მიაწვდიან სხდომაზე განხილულ და ასევე სხვა მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენ შევთანხმდით უკვე, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, განაცხადა გახარიამ.

guardian.ge