საქართველო

გიორგი ამილახვარი: ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში და ყველა საბავშვო ბაღში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარის თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის თანახმად, მთავარი ორიენტირი კეთდება მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და სამომავლო გეგმები განიხილა.

გიორგი ამილახვარი: „ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა სისტემის დეცენტრალიზაციის კუთხით, გაიზრდება სკოლების ავტონომიურობის ხარისხი, რესურსცენტრების როლი და შეიქმნება სკოლების მხარდამჭერი ძლიერი სისტემური მექანიზმები.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით გაგრძელდება საჯარო სკოლების ავტორიზაცია.

გრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება, შემუშავდება საშუალო საფეხურის ახალი კონცეფცია, დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა და გაგრძელდება ელექტრონული რესურსების განვითარება.

პარალელურად გაგრძელდება სახელმძღვანელოების განახლებისა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი და დაიწყება სკოლის საშუალო საფეხურიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალ მოდელზე მუშაობა.

ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ მუშაობას უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ხელშეწყობის კუთხით. შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება მათთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი კურსების შეთავაზება.“

სკოლებში თანასწორი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით მინისტრობის კანდიდატმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული. ამასთან, განხორციელდება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ტრანსფორმაცია ფსიქო-საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და კონსულტირების გუნდად.

სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, გაუმჯობესდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა, სადაც სოციალური მუშაობის კომპონენტით მანდატურის სამსახური არის წარმოდგენილი. განხორციელდება სკოლებში აღდგენითი ურთიერთობების მიდგომების დანერგვა „პროცესზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლის“ მოდელის განვითარებისათვის, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სასკოლო მედიაცია წარმოადგენს, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს და გაგრძელდება დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის.

ამილახვარის თქმით, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება სკოლამდელი განათლების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რეფორმა გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას. ამასთან, თვითშეფასების მხარდაჭერის პროცესი უფასოდ და თანაბრად უზრუნველყოფილი იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებისთვის.

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვის მნიშვნელობაზე.

გიორგი ამილახვარი: „ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ყველა საბავშვო ბაღში დაინერგება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით. პარალელურად აქტიურად გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება/განვითარება. ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას და ზოგადი განათლების საფეხურზე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ზრდას.“