საქართველო

გიგი უგულავა: „აზიური ფაროსანა არის პრობლემა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს გლეხობა, სამწუხაროდ, ელოდება ისე, როგორც რაღაც ეპიდემიას“

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას, „ევროპული საქართველოდან“ ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მინისტრის განცხადება მოწმობს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა მოწყვეტილია რეალობას. უგულავას მიაჩნია, რომ მავნებელთან საბრძოლველად, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

„ეს არის პრობლემა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს გლეხობა, სამწუხაროდ, ელოდება ისე, როგორც რაღაც ეპიდემიას. და ამასობაში, ჩვენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრისგან ვისმენთ, რომ ფაროსანა არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მწერი და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულია. დამისახელოს ბ-ნმა ლევანმა და საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან რომელი პროდუქტი შემცირდა 66%-ით? 2016 წელს თხილის ექსპორტი იყო 288 მლნ ლარი, 2017 წელს – 123 მლნ ლარი, კლება არის 151 მლნ ლარით, ეს არის ფული, რომელიც ჩვენს გლეხობას და მათ ოჯახებს მოაკლდა. ამ ფონზე ჩვენ ვისმენთ მთავრობისგან, რომ ეს ჩვეულებრივი, რიგითი მოვლენა ყოფილა…. ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს მთავრობის გეგმა, აბსოლუტურად, მოწყვეტილია რეალობას. საქართველოს მთავრობის გეგმა არის მხოლოდ ზერელე და მათ არ აქვთ გასიგრძეგანებული იმ პრობლემის მნიშვნელობა, იმ კატასტროფული პრობლემის მნიშვნელობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა  განსაკუთრებით, სოფლის მცხოვრებლები არიან…. სოფლის მეურნეობის მინისტრს ჰგონია, რომ ეს მარტო სოფლის მეურნეობის პრობლემაა. მე მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ ეს არის მთლიანად მოსახლეობის პრობლემა იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე ვანსა და ხონში, ადამიანები შპალერებს აძრობენ სახლებში იმისთვის, რომ ფაროსანამ არ დაიბუდოს. აქ, ამ დერეფნებში, სამწუხაროდ, ეს არ ჩანს, ყველაფერი ლამაზად გამოიყურება, მაგრამ პრობლემა არის ძალიან მწვავე…. გამოსაცხადებელია ბრძოლა, გამოსაცხადებელია საგანგებო მდგომარეობა მთელ იმ რეგიონებში, სადაც ამის ალბათობა დღეს არის მაღალი. საგანგებო მდგომარეობა ზუსტად ისე, როგორც იყო ბორჯომში, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება შეკავება და ჩვენ გაისად და შემდეგ ეს პრობლემა შეიძლება მივიღოთ ქართლში, სადაც ვაშლის მოსავალს ემუქრება დიდი საფრთხე და შემდეგ უკვე კახეთში, ყურძნის მოსავალს”, განაცხადა გიგი უგულავამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის ნაწილში, სამინისტროს ანგარიშს წარადგენს.

როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, „ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი განხილვის მთავარი თემა, რადგან ფაროსანას გარდა ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში”.