საქართველო

გია ვოლსკი: სააკაშვილი არაჯანსაღი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ ცოლის შემდეგ დედა უნდა დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად

მიხეილ სააკაშვილი არის არაჯანსაღი ადამიანი, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ ცოლის შემდეგ დედა უნდა დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად – განაცხადა დღევანელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებებმა, არამარტო საქართველოს, უკრაინასაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„არაჯანსაღი ვნებები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია არაჯანსაღი ფსიქიკით. თუნდაც, კანდიდატების დასახელებით, თუნდაც, იმ განცხადებებით, რომლითაც უკვე არაერთხელ გავიგეთ, რომ საქართველოში ბრუნდება – თავისი ფიცით, ბოდიშებით და გულზე მჯიღის ცემით. ეს არის არაჯანსაღი ადამიანი, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ ცოლის შემდეგ დედა უნდა დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ვიღაცას ენდობა, ვიღაცას – არა. იმდენად თავის თავშია ჩაკეტილი, რომ ფიქრობს, საქართველოს კულტურული აღორძინება მისგან დაიწყო. ადამიანი ამის თაობაზე განცხადებას რომ გააკეთებს, კითხვა აღარ უნდა დასვათ და რესპოდენტები კითხვით აღარ უნდა შეაწუხოთ, ეს არის მავნებელი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, საქართველოში დესტრუქცია შემოიტანოს და შემთხვევას არ უშვებს, რომ არ დააზიანოს ქვეყანა და არა მხოლოდ საქართველო“, – განაცხადა ვოლსკიმ.