ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ ანგელა მერკელის ფავორიტი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს

გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ, მას შემდეგ რაც დღეს 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ ანგელა მერკელმა პოსტი დატოვა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, მერკელის ფავორიტი კანდიდატი აირჩიეს.

მან პარტიის საგანგებო კონფერენციაზე მილიონერი იურისტი, ფრიდრიხ მერცი დაამარცხა და 999-დან 517 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ახლა იგი უკვე გერმანიის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელია, კრამპ-კარენბაუერი შესაძლოა ქვეყნის შემდეგი კანცლერი გახდეს.

საარლენდის შტატის ყოფილი პრემიერ მინისტრი, 56 წლის კრამპ-კარენბაუერი მერკელის ფავორიტია და კანცლერმა მის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იგი საარლენდში 2017 წლის არჩევნებზე მიღწეული წარმატების გამო შეაქო კიდეც.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან პარასკევს წავიდა, მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ წინაშე ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენი ლიბერალური ღირებულებები დაცული უნდა იყოს, შიგნითაც და გარეთაც“, განაცხადა მან.

სიტყვის დასრულების შემდეგ ფეხზე წამომდგარი აუდიტორია 6 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გამოხატავდა ემოციებს მერკელისადმი და გაიძახოდა: „მადლობა ბოსს“.

თავის სიტყვაში მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ წინ მძიმე გამოწვევები იქნება, მათ შორის კლიმატის ცვლილება, ევროპული ერთიანობის შენარჩუნენა და „ბრექსიტთან“ გამკლავება.

ცივი ომის დასასრულზე საუბრისას, მერკელმა „ქრსტიან-დემოკრატებს“ უთხრა, რომ „იმ გადამწყვეტ დროს იგი [ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში] ენდობოდა კანცლერ კოლს… მას ესმოდა, თუ როგორ უნდა ემსახუროს ყველა პოლიტიკას“.

guardian.ge