ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა

გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იგი გერმანული წარმოების „Leopard 2“ ტანკების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება [ტანკების გაგზავნის შესახებ] და მორიგი დებატები იწყება გერმანიაში, ეს უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება“, – თქვა მან.

ოთხშაბათს გერმანიამ, მოკავშირეების ერთკვირიანი ზეწოლის შემდეგ, უკრაინისთვის მის მიერ წარმოებული 14 ტანკის, „Leopard 2“-ის მიწოდების ვალდებულება აიღო.

გერმანიის მიერ ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას თავის „M1 Abrams“ ტანკებს მიაწვდიდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრი მელნიკმა მოითხოვა „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნა, რომელიც უკრაინას აშშ-ის „F-16“ და „F-35“-ებს, „ევრომებრძოლებს“, „ტორნადოსებს“, ფრანგულ „Rafales“-ებს და შვედურ „Gripen“-ებს მიაწვდიდა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის სატელევიზიო არხს განუცხადა, რომ მათ ასევე სჭირდებოდათ რაკეტები „რუსული არმიის მთავარი იარაღის მკვეთრად შესამცირებლად“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი მრჩევლის მოწოდება ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში გაიმეორა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება აშშ-ში წარმოებული „ATACMS“ რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 297 კმ-ია. მისი თქმით, რაკეტები დაეხმარება უკრაინას ურბანულ რაიონებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმების მოგერიებაში.

ვაშინგტონი ჯერჯერობით უარს ამბობს ამ იარაღის მიწოდებაზე.

„Tagesspiegel“-თან ინტერვიუში შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ იმყოფება და „ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას“. მან დაადასტურა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბოლო სატელეფონო საუბარი კი მათ შორის, 2022 წლის დეკემბერში შედგა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან”, – თქვა მან, მაგრამ დასძინა, რომ იგი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა აბსოლუტურად მიუღებელი იყო და მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანა მოაგვარებდა სიტუაციას.

guardian.ge