ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

გერმანიის ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ნაცისტების მსხვერპლთა შთამომავლებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მიღებას აადვილებს

გერმანელმა კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაამტკიცეს კანონი, რომელიც უფრო ადვილს გახდის გერმანიის მოქალაქეობის მიღებას მათი შთამომავლებისთვის, ვინც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და მათ გაექცა.

გერმანული კანონის მიხედვით, პირებს, რომელთაც მოქალაქეობაზე უარის თქმა თავიანთ პოლიტიკურ, რასისტულ ან რელიგიურ საფუძვლებზე მოუხდათ, შეუძლიათ მისი აღდგენა და ასეთივე შესაძლებობა აქვთ მათ შთამომავლებსაც, თუმცა კანონში არსებული ხარვეზების გამო, ბევრმა, დღემდე არსებული კანონმდებლობით სარგებლის მიღება ვერ შეძლო.

ახალი კანონის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ნაბიჯი საშუალებას მისცემს ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ებრაული თემის წარმომადგენლებს, რომლებიც ჰოლოკოსტის მსხვერპლნი გახდნენ, დაუბრუნდნენ თავიანთ გერმანულ მემკვიდრეობას.

კანონის მიღება ნდობის აღდგენის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.

მაშინ როცა ომის შემდგომი გერმანიის კონსტიტუცია მოქალაქეობის აღდგენის ნებას რთავს, საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო, ბევრს თავიანთი განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ზოგიერთს უარი იმის გამო ეთქვა, რომ მათმა წინაპრებმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს მანამ, სანამ მათი გერმანიის მოქალაქეობა გაუქმდებოდა; ნაწილს კი იმ მოტივით არ დაუკმაყოფილეს განაცხადი, რომ ისინი გერმანელი დედის, მაგრამ არაგერმანელი მამის შვილები იყვნენ.

1953 წლამდე, ვიდრე კანონი შეიცვლებოდა, გერმანიის მოქალაქეობა მხოლოდ მამისგან შეიძლებოდა გადაცემულიყო.

2019 წელს სამართლებრივი აქტის მიღებამ ამგვარი ხარვეზების გამოსწორებას შეუწყო ხელი. ახლა ამ აქტს გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატაში დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი და გერმანიის მოქალაქეობის აღდგენის მსურველებს, უარის თქმის შემთხვევაში, უფრო მყარი სამართლებრივი საფუძველი ექნებათ გასაჩივრებისთვის.

ამავე დროს, ახალი კანონი კრძალავს რასისტული, ანტისემიტური ან ქსენოფობიური ქმედებების გამო ნასამართლევი ადამიანებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას.

„ეს არ არის მხოლოდ საქმეების გამოსწორება, არამედ ეს არის ერთგვარი ბოდიშის მოხდაც დიდი სირცხვილის გამო”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა მარტში, როდესაც მთავრობამ ბუნდესტაგში კანონპროექტი წარადგინა.

GUARDIAN.GE