მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაუელის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულება გახდა.

„გენერალი კოლინ პაუელი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, ამ დილით, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი”, – დაწერა ოჯახმა „ფეისბუქზე“ და აღნიშნა, რომ ის სრულად იყო ვაქცინირებული.

პაუელს მრავლობითი მიელომა, პლაზმური უჯრედების კიბო ჰქონდა, რომელიც თრგუნავს სხეულის იმუნურ პასუხს, ასევე პარკინსონის დაავადება, – დაუდასტურა CNN– ს პაუელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხანგრძლივად მომუშავე პეგი სიფრინომ.

მაშინაც კი, თუკი ადამიანი სრულად არის აცრილი Covid-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მაგრამ დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, ვირუსით დაინფიცირებისას უფრო დიდი რისკის ქვეშ არის.

პაუელს მეუღლე, ალმა ვივიან (ჯონსონ) პაუელი – რომელზეც იგი 1962 წელს დაქორწინდა – და სამი შვილი დარჩა.

ოქტომბერში კორონავირუსი დაუდასტურდა ალმა პაუელსაც, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, მაგრამ მან ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით გადაიტანა, უთხრა ოჯახთან ახლო ურთიერთობაში მყოფმა წყარომ CNN-ს. ალმა პაუელი „უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში“ მკურნალობის გავლის შემდეგ სახლში გაწერეს.

CNN-ის ცნობით, კოლინ პაუელი ადრე აიცრა და ვაქცინის მეორე დოზა თებერვალში მიიღო. მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის მიღება გასულ კვირას ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ იმის გამო, რომ ამ პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირდა, მესამე დოზა ვეღარ გაიკეთა.

პაუელი აშშ-ის პირველი შავკანიანი სახელმწიფო მდივანი იყო. იგი აღნიშნულ პოსტზე 2001 წელს, ჯორჯ დაბლიუ ბუშის პრეზიდენტობისას დაინიშნა, 2005 წლამდე იმსახურა და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, იმ დროისთვის პირველი შავკანიანი იყო, რომელსაც ამხელა თანამდებობა ერგო.

GUARDIAN.GE