საქართველო

გარდაბნის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ჯემალ დავითაძე აცხადებს, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაოები გარდაბანში არავის არ ახსოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ჯემალ დავითაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით „დიდი საქმე კეთდება”, რის დასრულების შემდეგაც, გარდაბანი იქნება, ერთ-ერთი წამყვანი მუნიციპალიტეტი, სადაც ერთდროულად ძალიან ბევრი ბაღი გარემონტდა, მოწესრიგდა და აშენდა.

როგორც „ბიზნესკონტინენტთან” საუბრისას ჯემალ დავითაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მასტაბით თითქმის ყველა საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, კონკრეტული სამუშაოები კი, დაახლოებით, ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თქმით, დაგეგმილია ასევე რამდენიმე სოფელში ახალი ბაღების მშენებლობა, ზოგიერთ სოფელში კი, მშენებლობა წელს დასრულდება.

(გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ჯემალ დავითაძე – მარტყოფის ნომერ პირველი საბავშვო ბაღთან – ბიზნესკონტინენტის ფოტოები)

„ჩვენს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 25 საბავშვო ბაღი და ამ საბავშვო ბაღებში, დაახლოებით, 3 000 აღსაზრდელია. წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღებში, რომლებიც არ რემონტდება, სააღმზრდელო პროცესი განახლდა, ხოლო სადაც ჯერ სამუშაოები დასრულებული არ არის, ველოდებით დასრულებას, დაახლოებით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოსთვის და შესაბამისად, ამ დროისთვის განახლდება განახლებულ ბაღებში სასწავლო პროცესი. რემონტების დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული თითქმის ყველა ბაღი მოწესრიგებული იქნება. წელს გვქონდა ერთი ტენდერი, რომელიც სამი ბაღის რემონტს გულისხმობდა, თუმცა, ტენდერი ჩაიშალა, რადგან არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა და ვერ გამოვლინდა შესაბამისად გამარჯვებული. ეს ბაღები მომავალ წელს გარემონტდება.

(ნორიოს საბავშვო ბაღი)

უახლოეს პერიოდში ასევე იგეგმება დამატებით 7 ბაღის გახსნა. ბაღები გაიხსნება, მათ შორის, ქესალოში, ნაზარლოში, ყარაჯალარში, ნაგებში, გამარჯვებაში, კალინინოში. სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. ამ სოფლებში ზოგან ადმინისტრაციული შენობა, ზოგან კი, ყოფილი სკოლის შენობა გადაკეთდა, აქ ბაღები არ ფუნქციონირებდა და ამ სოფლებს ახალი ბაღები ექნება.

(ნორიოს საბავშვო ბაღი)

ბაღები უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ეს ძალიან დიდი შეღავათია მშობლებისთვის, თავად პატარებისთვის და იმ კანონის შესრულებისთვის, რომლის მიხედვითაც, თითოეულ დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. ძალიან დიდი საქმე კეთდება და დიდი შრომაცაა ჩადებული. სამუშაოები იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ დასრულების შემდეგ, გარდაბანი, ალბათ, ერთ-ერთი წამყვანი მუნიციპალიტეტი იქნება, სადაც ამდენი ბაღი ერთდროულად გარემონტდა, მოწესრიგდა და ახალი აშენდა.

(ნორიოს საბავშვო ბაღი)

აღთაქლა-ყარათაქლიის საზღვარზე შენდება ასევე ძალიან დიდი ბაღი. პირველი ეტაპი სამუშაოების უკვე დასრულებულია. ასევე დაგეგმილია ახალი ბაღების მშენებლობა სააკაძესა და გამარჯვებაში. არსებული ბაღებიდან ორში – ქვემო თელეთსა და კუმისში სასწავლო პროცესი შევაჩერეთ, რადგან თავად ბაღების შენობები უსაფრთხო არ იყო. რაც შეეხება ინვენტარიზაციას, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, დაახლოებით, 106 000 ლარის ღირებულების ავეჯი უნდა შევიძინოთ ახალი ბაღებისთვის და ასევე იმ ბაღებისთვის, რომლებსაც ჯგუფები დაემატება. ტექნიკის შესაძენად ასევე გამოცხადდება ტენდერი. ყოველწლიურად ხდება განახლება და ამ დროისთვის რომ ვთქვათ, რომ ინვენტარი, ავეჯი გვაკლია, ასე არ არის”, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ჯემალ დავითაძემ.

(მარტყოფის ნომერ პირველი საბავშვო ბაღი)

მისი თქმით, ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ყურადღება ეზოების კეთილმოწყობას დაეთმობა. დავითაძის განცხადებით, მომავალ წელს, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის ეზო მოეწყობა.

(მარტყოფის ნომერ პირველი საბავშვო ბაღი)

„ბაღების შენობების მოწესრიგების შემდეგ, ეზო-გარემოს და გარე სათამაშოების მოწყობა იგეგმება, რაც ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გაკეთდება. არის უკვე მონახაზი იმისა, თუ როგორ უნდა აღდგეს ეზო-გარემო. ჩვენთან, დაახლოებით, 420 თანამშრომელი მუშაობს. სამომავლოდ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ იქნება გასათვალისწინებელი კანონის შესაბამისად. მოგვიწევს, ალბათ, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა, რადგან ჯგუფებში ბავშვების რიცხვი იქნება განსაზღვრული და შესაძლოა, რაოდენობის მიხედვით ჯგუფების გაყოფა გახდეს საჭირო, რაც თავისთავად, საჭიროს გახდის თანამშრომლების დამატებას. მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტი ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული. საბავშვო ბაღებში ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით. თავად მშობლები ითხოვენ, რომ ბავშვებმა კარგად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ამისთვის, ჩვენ დიდი მზადება გვაქვს. სწავლა ყველგან ქართულად მიმდინარეობს.

(მარტყოფის ნომერ პირველი საბავშვო ბაღი)

ისეთ პუნქტებში, რომლებიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული, აქ არის განსაკუთრებული მოთხოვნა ქართული ენის სწავლასთან დაკავშირებით. ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. გვინდა მოვიწვიოთ ასევე საბავშვო ბაღებში ლოგოპედები, ფსიქოლოგები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სპეცმასწავლებლები. გარდაბანში კი გვაქვს სპეციალური ცენტრი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ამ ბავშვებმა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ. ამ კუთხითაც სერიოზული მუშაობა გვმართებს. მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო – ყველა ჩართულია საბავშვო ბაღბთან დაკავშირებულ საკითხებში, მუშაობენ. ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მერიის და საკრებულოს მიმართ იმიტომ, რომ აი, ასეთი მასშტაბის სამუშაოები აქ არავის არ ახსოვს”, აცხადებს ჯემალ დავითაძე.

(მარტყოფის ნომერ მეორე საბავშვო ბაღი).

(ნორიოს საბავშვო ბაღი)

(ნორიოს საბავშვო ბაღი)