საქართველო

გარდაბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორმა ჯემალ დავითაძემ საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მერიის საკონფერენციო დარბაზში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორმა ჯემალ დავითაძემ საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლებს მომავალში განსახორციელებელი გეგმები გააცნეს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი საბავშვო ბაღებში წითელა, წითურა, ყბაყურას ვაქცინაციის პრევენცია გახლდათ. როგორც საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელების ვაქცინაციას აკონტროლებენ და მშობლებს დროული აცრისკენ მოუწოდებენ. 25 საბავშვო ბაღიდან ამ ეტაპზე აუცრელი 1 ბავშვია, რომელიც სეზონური ვირუსის გამო სახლში იმყოფება და გამოჯანმრთელების შემდეგ აცრა ჩაუტარდება.

დაწესებულებების დირექტორმა ხელმძღვანელებს საბავშვო ბაღებში კომპანიის მიერ მოწოდებული პროდუქტის ვარგისიანობის, ვადებისა და ეტიკეტის პირადად შემოწმებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება ბავშვთა უსაფრთხოებას, ახალი სტანდარტების მიხედვით თითოეულ საბავშვო ბაღში სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე იმუშავებს.

მოგვიანებით დაწესებულების ხელმძღვანელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ კოორდინატორები შემოურთდნენ, რომლებმაც ბაღის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის „საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესების სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აირჩიეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან საქართველოში სკოლამდელი ასოციაციის საორგანიზაციო ჯგუფში ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორი ჯემალ დავითაძე, ნორიოს ბაგა ბაღის წარმომადგენელი მარინა ბარბაქაძე და სართიჭალის №2 საბავშვო ბაღის წარმომადგენელი ნინო ლურსმანაშვილი აირჩიეს. გაცნობებთ, რომ პროექტი საპილოტედ გარდაბნის, მარნეულის, თიანეთის, ბაღდათის, ოზურგეთის, რუსთავისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. პროექტით სკოლამდელი განათლების სფეროში ისეთი შეფასების მექანიზმის შექმნა იგეგმება, რომელიც უზრუნველყოფს ბაღების თანამშრომლების, მშობლებისა დ რიგ შემთხვევაში თავად ბავშვების ჩართვასაც, გადაწყვეტილების მიღებისას მათი მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.