საქართველო

გარდაბნის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილეს.

საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილ 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

როგორც საფინანსო–საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა შალვა გურულიშვილმა განმარტა, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 8 985 733 ლარი, ხოლო ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილი 8448531 ლარი მოდის ადგილობრივ ბიუჯეტზე.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებები:

სოფლებში: გამარჯვება, ჯანდარა, ყარაჯალარი, ვახტანგისი და კრწანისი, გზების მოასფალტების მიზნით გაზრდილია შესაბამისი მუხლი 1 580 253 ლარით;

სოფლებში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისა და სოფელ თელეთში ჭაბურღილის მოსაწყობად გათვალისწინებულია 4 813 572 ლარი;

ქ. გარდაბანში, თელეთსა და გამარჯვებაში გარე განათების მოსაწყობად გათვალისწინებულია 126 283 ლარი;

ქ. გარდაბანში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოსაწყობად – 200 000 ლარი;

მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას და ამ მიზნით განსაზღვრულია 201 458 ლარი;

გაზრდილია თანხები სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 335 749 ლარით;

ქ. გარდაბანში და სხვა სოფლებში კეთილმოწყობა–რებილიტაციის სამუშაოებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 581 966 ლარი, რომლითაც მოხდება სართიჭალის კულტურის სახლის დარბაზის რეკონსტრუქცია, სართიჭალის ძიუდოს დარბაზის ეზოს კეთილმოწყობა, სოფელ ბირლიკსა და თელეთში მინი–მოედნის მოწყობა. ქ,გარდაბანში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

ექსპერტიზისა და საპროექტო დოკუმენტაციის ხარჯები გაზრდილია 563 000 ლარით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი – 443000 ლარი გათვალისწენებულია შპს ,,ოპტიმას“ საექსპერტო მომსახურებისთვის.

სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის დამატებით გამოიყოფა 17 523 ლარი;

ბიუჯეტის შემდეგ საკრებულომ დაამტკიცა 2018 წლის სოციალურ პროგრამაში შესატანი ცვლილებები. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა აზა ონიანმა განმარტა, აღნიშნული ცვლილებები სოციალური და სამედიცინო სტატუსის არმქონე მოსახლეობის საკეთილდღეოდ განხორციელდა.

დღესვე, დეპუტატებმა დაამტკიცეს საკრებულოს რეგლამენტი და საკრებულოს აპარატის დებულება.

საკრებულომ თანხმობა მისცა მერიას ოთხი მონათესავე საქმიანობის ა(ა)იპების – „კულტურის ცენტრის”, „სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრის“, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრისა“ და „საბიბლიოთეკო გაერთიანების“ შერწყმის შესახებ.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქ. გარდაბანში მცხოვრებ ი.ბადალოვს გაეწია დახმარება ოპერაციის დასაფინანსებლად, აგრეთვე დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები: გიორგი ქავთარაძე, დავით ლორიაშვილი და მისი მწვრთნელი ბადრი ბედიანაშვილი.

საკრებულომ მოიწონა 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსაცხორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებები.

სულ წარმოდგენილი იყო 10 წინადადება გარდაბნის მუნციპალიტეტის სოფლებში (ახალსოფელი, ახალი სამგორი, ნაგები, ლემშვანიერა, ვახტანგისი, მარტყოფი, ნორიო) გზების მოასფალტების თაობაზე.

დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულება შეადგენს 4 346 737 ლარს. აქედან 4 129 041 ლარით ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო 217 696 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

დღესვე ცნობად იქნა მიღებული მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, შეძენის, განკარგვისა და სარგებლობის წესის და აუქციონების ჩატარების შესახებ ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის ანგარიში.

სხდომას მერის მოადგილე რევაზ ეგაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი აზა ონიანი, საფინანსო–საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი შალვა გურულიშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ონიანი და აღნიშნული სამსახურის სივრცითი განყოფილების უფროსი ლერი ბუდაღაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.