საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოსა და ჯანდარაში ახალი საბავშვო ბაღები საზეიმოდ გაიხსნა

ბაღები საზეომოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა, გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა და აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასაევმა გახსნეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებები ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა, რაც მოსახლეობას ყოფით პრობლემებს უქმნიდა. პატარებს წელს პირველად აქვთ საშუალება სკოლამდელი განათლება საკუთარ სოფლებში მიიღონ.

კალინინოს საჯარო ბაღი სამ ჯგუფზე და 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. სააღმზრდელო დაწესებულებაში 15 ადგილობრივი კვალიფიციური კადრი დასაქმდა. სოფელ ჯანდარის საბავშვო ბაღი ორ ჯგუფს და 54 აღსაზრდელს მოიცავს, დასაქმდა დამატებით 12 ადგილობრივი მცხოვრები.

ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 546 000 ლარი გამოიყო.

„მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლებისა და ბაღების აღსაზრდელებს, ასევე მათ მასწავლებლებს მივულოცო. დღეიდან იწყება ცოდნისა და გამოცდილებების მიღების ახალი ეტაპი და მინდა წარმატება ვუსურვო მათ. აქვე აღვნიშნავ, რომ სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. წელს გარდაბანში ორი ახალი ბაღი გაიხსნა, გარდა ამისა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენთან ყველა ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და მორგებულია ბავშვების საჭიროებებზე. ეტაპობრივად განახლდება სასკოლო ინფრასტრუქტურაც და გარდაბნელები სრულიად ახალ, თანამედროვე სკოლებსა და ბაღებში მიიღებენ განათლებას“ – განაცხადა გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა.