Uncategorized

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება, რის შემდეგაც 35 000 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. პროექტის ღირებულება 17 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მისი დასრულების შემდგომ, ნორიოში, მარტყოფში, ახალსოფელში, ახალ სამგორსა და ვაზიანში მცხოვრები 35 000 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

„ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის – ეს არის წყალმომარაგების პროექტი. ამჯერად, საუბარია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის წყალმომარაგების პროექტზე, რომლის ღირებულებაც 17 მილიონ 600 ათას ლარი გახლავთ. პროექტის დასრულების შემდგომ შესაძლებელი გახდება სოფლების: ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, ახალი სამგორის და ვაზიანის 35 ათასი ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მთავრობის თანადაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, წყალმომარაგების 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რითიც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 200 ათასამდე მომხმარებელს, ამ ეტაპზე კი, დამატებით, 30-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ წყლის მიწოდება კიდევ 300 ათასამდე მომხმარებელს გაუუმჯობესდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა წყალმომარაგების 100-ზე მეტი პროექტი. ეს გახლავთ 6 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, რაზეც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მთავრობის თანადაფინანსებით, დაიხარჯა 470 მილიონ ლარზე მეტი. შედეგად, წყლის მოწოდება გაუუმჯობესდა 200 ათასამდე მომხმარებელს, მათ შორის, 70 ათასზე მეტი აბონენტი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის 30-ზე მეტი პროექტი და მათი დასრულების შემდეგ კიდევ 300 ათასამდე მომხმარებელს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლისთვის ნახევარ მილიონ ადამიანს მოეხსენება 24-საათიანი წყალმომარაგების პრობლემა,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება რამდენიმე მიმდინარე პროექტზე გაამახვილა.

„მიმდინარე პროექტებიდან გამოვყოფდი, მაგალითად, ჭიათურას, სადაც წყალმომარაგება წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. ამჟამად, უკვე დაწყებულია ჭიათურის წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება, შედეგად კი, ქალაქის 25 ათასზე მეტ მცხოვრებელს 24-საათიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

ასევე, ყურადღებას გავამახვილებ ურეკზე, რომელიც უდიდესი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა და რომელსაც არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. ურეკში ძალიან მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე და გაუმჯობესდება, საყოფაცხოვრებო პირობები. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება და როგორც ადგილობრივები, ისე იქ ჩასული დამსვენებლები სრულიად განახლებული, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით ისარგებლებენ, რაც ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობისთვის, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.