საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ტარიელ ჯანხოთელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

11 აპრილს საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ საცხენისისა და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ადგილზე მოისმინა და ხალხს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს მოასფალტდება სოფელ საცხენისისა და ახალსოფლის დამაკავშირებელი გზა, მოწესრიგდება ახალისოფლისა და საცხენისის შიდა გზები, გარდა ამისა სოფელ საცხენისში რეაბილიტირდება სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელი და გაკეთდება გარე-განათება, ხოლო ახალსოფელში მოეწყობა მინი სტადიონი და გადაიხურება საჯარო სკოლის შენობა.
ზემოაღნიშნული სოფლების მოსახლეობამ სხვა ძირითად პრობლემებთან ერთად, პრიორიტეტულად სასმელი წყალი და საგზაო ინფრასტრუქტურა დაასახელა, საკრებულოს თავმჯდომარე მათ გვერდში დგომასა და დახმარებას დაჰპირდა. მისი განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება და მონიტორინგის პროცესებში თვითონაც აქტიურად ჩაერთვება.

ამის შემდეგ ტარიელ ჯანხოთელი სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღს ესტუმრა, თანამშრომლებს გაესაუბრა, ბაღში არსებულ სიტუაციას გაეცნო და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.