საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. როგორც „ბიზნესკონტინენტს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა განუცხადა, სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ბაღების აღდგენისთვის 5 ტენდერი იყო გამოცხადებული. 4 ტენდერში გამოვლინდნენ გამარჯვებული კომპანიები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. ვადა ჰქონდათ 9 სექტემბრამდე, მაგრამ ვერ ჩაეტივნენ სამშენებლო კომპანიები დროში და მერიამ მათ ჩაბარების ვადა 30 სექტემბრამდე გადაუწია. რაც შეეხება კიდევ ერთ ტენდერს, მესამე ტენდერს, რომელიც 2 ნაწილად იყო გაყოფილი – პირველ ნაწილში სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების, ხოლო მესამე ტენდერის მეორე ნაწილში გარდაბნის პირველი, მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა ცალ-ცალკე. მესამე ტენდერის პირველი ნაწილი სამჯერ ჩაიშალა. აქედან გამომდინარე, ეს სამი ბაღი წელს რჩება გაურემონტებელი, თუმცა, წელს აღნიშნული ბაღები აღსაზრდელებს ჩვეულებრივ მიიღებენ. ამ ბაღების რეაბილიტაციისთვის ახალი პროექტები უნდა გაკეთდეს, მერიამ ასე გადაწყვიტა, მომავალ წელს გამოცხადდება ტენდერი და ჩატარდება კაპიტალური რემონტები. ზემოთ ჩამოთვლილი საბავშვო ბაღების გარდა, სარემონტო სამუშაოები ქესალოს, ნაზარლოს, ვახტანგისის, ყარაჯალარის, ნაგებისა და გამარჯვების მე-3 ბაღშიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მათ შორის, კუმისში, გამარჯვებასა და სააკაძეში ახალი ბაღები უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოებზეა ტენდერები გამოცხადებული. მერია გადაწყვეტს მშენებლობის დაწყების დროს”, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ლევან ჩადუნელმა.