საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად 2 158 460 ლარი დაიხარჯება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად 2 158 460 ლარი დაიხარჯება. როგორც „ბიზნესკონტინენტს“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა განუცხადა, გარდაბნის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი 4 585 700 ლარიდან, სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხაზე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც სამნაწილიანია და მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ ბაღში გარკვეული ტიპის სამუშაოების შესრულებას გულისხმობს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით, ბიუჯეტში ჩადო საბავშვო ბაღებითვის 4 585 700 ლარი.

ამ თანხიდან ტენდერი გამოცხადდა 2 158 460 ლარზე. ტენდერი სამ ნაწილად გამოცხადდა. პირველ ნაწილში შედის გამარჯვების #2, მარტყოფის #1, მარტყოფის #2, ახალი სამგორის, სართიჭალის #1 და #2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გამოყოფილია 1 071 660 ლარი. აღნიშნული ტენდერი გამოცხადდა 26 მარტს და 18 აპრილს დასრულდება.

მეორე ნაწილის მიხედვით, საცხენისში, ახალსოფელში, ნორიოში, კრწანისში, ზემო და ქვემო თელეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის 787 500 ლარია გამოყოფილი. ტენდერი გამოცხადდა 28 მარტს და დასრულდება 19 აპრილს.

მესამე ნაწილი – გარდაბნის პირველ, მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 საბავშვო ბაღების, ასევე სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამოყოფილია 999 300. ტენდერი დაიწყო 28 მარტს და 23 აპრილს დასრულდება.

(გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ფოტოზე ხელმარჯვნივ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან, ლევან ჩადუნელთან სამუშაო შეხვედრაზე).

გარდაბნის #1 ბაღი ახალი გარემონტებულია, ახლა არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი – ეზოა მოსაწყობი. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილია 28 600 ლარი.

გარდაბნის #2 ბაღი მთლიანად სარემონტოა. ნაწილობრივ იყო გარემონტებული – მხოლოდ სამზარეულოები იყო გარემონტებული. გამოყოფილია 192 00 ლარი. ამდენივეა გამოყოფილი გარდაბნის #3 საბავშვო ბაღზე.

გარდაბნის #4 ბაღი – აქ მთლიანად შესაცვლელია სახურავი, გასარემონტებელია მთლიანად, სამუშაოებისთვის გამოყოფილი 259 200 ლარი.

გარდაბნის #5 ბაღზე გამოყოფილია 96 000 ლარი. ლემშვანიერას #1 – 96 000 ლარი. ლემშვანიერას #2 – 96 000 ლარი. მზიანეთის საბავშვო ბაღი – 58 000 ლარი. სართიჭალის #1 ბაღი – 153 600 ლარი. სართიჭალის #2 – 144 000 ლარი. ახალი სამგორი – 144 000 ლარი. მარტყოფის #1 ბაღი – 125 800 ლარი. მარტყოფის #2 ბაღი მთლიანად გასარემონტებელია და გამოყოფილია 240 000 ლარი. გამარჯვების #2 ბაღზე ასევე გამოყოფილია 240 000 ლარი. ქვემო თელეთი – 129 600. ზემო თელეთის ბაღი მთლიანად გადასახურია და გასარემონტებელია 336 000 ლარია გათვალისწინებული. საცხენისი – 72 000 ლარი. კრწანისი – 28 800 ლარი. ახალსოფელში – 57 600 ლარი. ნორიოში – შიდასარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებია ჩასატარებელი, ამისთვის გამოყოფილია 144 00 ლარი.

ჯამში, ტენდერის სამივე ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის 2 158 460 ლარი დაიხარჯება, თუმცა, გითხარით, რომ ბიუჯეტში ბაღებისთვის 4 585 700 ჩაიდო.

დარჩენილი თანხა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობასა და დამატებით სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯება. ახალი ბაღები შენდება აღათაქლა-ყარათაქლაში, სააკაძესა და გამარჯვებაში.

აღნიშნული თანხიდან ასევე სარემონტო სამუშაოებისთვის 330 000 ლარი ახლახან დაამტკიცა საკრებულომ, ეს არის 5 გაუხსნელი ბაღი – ყარაჯალარში, ნაზარლოში, ქესალოში, ნაგებსა და გამარჯვებაში. ყველა აღნიშნულ ბაღში გარკვეული ტიპის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. მინდა დავამატო, რომ მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქის საკრებულო, რამაზ ბუდაღაშვილი და ტარიელ ჯანხოთელი ძალიან მოწადინებულები არიან, რომ ბაღებში ჩატარდეს ეს სამუშაოები, ყველაფერი მათი დამსახურებაა და მათი შეხედულებისამებრ კეთდება ყველაფერი”, განაცხადა ლევან ჩადუნელმა.