გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოებისთვის, მას შემდეგ, რაც გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა, 5 ახალი ტენდერი გამოცხადდა. როგორც „ბიზნესკონტინენტს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა განუცხადა, ტენდერებიდან ერთი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, დანარჩენ ოთხში კი, ტენდერები ივნისის შუა რიცხვებამდე დასრულდება.
„პირველი ტენდერი – საცხენისში, ახალსოფელში, ნორიოში, კრწანისში, ზემო და ქვემო თელეთში საბავშვო ბაღების აღდგენას გულისხმობს და სამუშაოებისთვის 787 500 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ ტენდერში ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, თუმცა, ჯერ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
მეორე ტენდერში შედის გამარჯვების #2, მარტყოფის #1, მარტყოფის #2, ახალი სამგორის, სართიჭალის #1 და #2 საბავშვო ბაღების აღდგენა, გამოყოფილია 1 071 660 ლარი. ტენდერი გამოცხადდა 16 მაისს და მთავრდება 6 ივნისს.
მესამე ტენდერი გაიყო ორ ნაწილად. სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველი და მე-2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა ცალკე. ტენდერი დაიწყო 18 მაისს და დასრულდება 11 ივნისს. ღირებულება არის 235 290 ლარი.
მესამე ტენდერის მეორე ნაწილში გარდაბნის პირველი, მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია იგულისხმება. 764 010 ლარია სამუშაოებისთვის გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადდა 18 მაისს და დასრულდება 12 ივნისს.
გარდა ამისა, გამოცხადდა კიდევ ერთი ტენდერი. ზემოთ ჩამოთვლილი საბავშვო ბაღების გარდა, ქესალოს, ნაზარლოს, ვახტანგისის, ყარაჯალარის, ნაგებისა და გამარჯვების მე-3 ბაღში ჩატარდება სამუშაოები. გამოცხადდა ტენდერი 16 მაისს და მთავრდება 7 ივნისს. გათვალისიწინებულია 278 235 ლარი”, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა.