საქართველო

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ოჯახური ძალადობის შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი აზა ონიანი ესწრებოდნენ, ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დასაძლევად სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას ემსახურებოდა. მხარეებმა დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მონაწილეები ამ პროცესში მუნიციპალიტეტის გადამწყვეტ როლზე შეთანხმდნენ და ბავშვზე ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს.

ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო დეცენტრალიზაციის, ასევე 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში აისახება.

ფორუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროკავშირთან პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიებას გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, სამთავრობო, არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.