საქართველო

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

გარდაბნის მერიის ცნობით, რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ადგილზე შეაფასეს ახალსოფელი-საცხენესის დამაკავშირებელი გზის დასრულებული სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ გზას ბოლო 40 წლის მანძილზე რეაბილიტაცია ამ დრომდე არ ჩატარებია. ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მასშტაბური პროექტი რეგიონალური განვითრების ფონდიდის მიერ 1 200 000 ლარით დაფინანსდა.

სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და სახელმწიფო რწმუნებული სოფელ მარტყოფში ღვთაების მონასტრამდე მისასვლელი 6 კილომეტრიანი გზის მშენებლობას გაეცნენ, ასევე ადგილზე დაათვალიერეს სოფლის მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა.

ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ საცხენესში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებიც დაათვალირეს, რომლის დასრულების შემდგომ 800 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. საცხენესში ამ ეტაპზე სოფლის ამბულატორიის მშენებლობაც მიმდინარეობს.

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სოფელ სართიჭალაში რუსთაველის ქუჩაზე და რადიოსადგურის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ და კონტრაქტორ, მშენებელ კომპანიებთან მშენებლობის პროცესის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულების საკითხებზე იმსჯელეს.