საქართველო

გარდაბანში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ტარიელ ჯანხოთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე – კახაბერ კობერიძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მამა ზურაბმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან, გარდაცვლილი გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა, მოეწყო ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენა და გაიმართა მცირე ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა ,,ბეთანიამ“, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სართიჭალის ფილიალის აღსაზრდელებმა, ლევან დევდარიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და გამარჯვების საჯარო სკოლასთან არსებულმა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა მიიღეს.

„დღეს ჩემს კოლეგებთან და მოქალაქეებთან ერთად, პატივი მივაგე 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას, ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას თავი შესწირა, დღევანდელი დღე მწუხარების გარდა მართლაც, რომ მადლიერების დღეცაა, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მადლობა თავისუფლებისთვის“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.