საქართველო

გარდაბანში სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2019“ გაიმართა

4 ოქტომბერს, ქალაქ გარდაბანში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2019“ გაიმართა.

ამ დღეს ქალაქ გარდაბანში, კერძოდ, თბილსრესის მოედნისა და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ჩატარდა. სპეციალურად დამონტაჟებულ ორ სცენაზე, მაყურებლის წინაშე საკონცერტო ნომრებით ქართული ესტრადის შემსრულებლები – სოფო ბედია, ნინი ბადურაშვილი, აჩიკო ბერიძე, ბექა ჩხაიძე და ადგილობრივი ფოლკლორულ – ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ. ასევე მოეწყო საგამოფენო სივრცეები.

ამავე დღეს გამოვლინდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ექვსი საპატიო მოქალაქე, რომელთაც სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა – სავალან მირზოევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა და თეთრიწყაროს მაჟორიტარმა – გოდერძი ჩანქსელიანმა გადასცეს და სცენიდან გარდაბნელებს დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცეს.

საღამო ჯგუფმა ,,გუფი ლენდმა” საათნახევრიანი პროგრამით გააგრძელა. „გარდაბნობა 2019″ კი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.