საქართველო

გარდაბანში სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2018“ გაიმართა

ქალაქ გარდაბანში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2018“ გაიმართა.

გარდაბნის მერიის ცნობით, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გარდაბანში, თბილსრესის მოედნისა და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. სპეციალურად დამონტაჟებულ 2 სცენაზე, მაყურებლის წინაშე საკონცერტო ნომრებით ქართული ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებლები და ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ. მოეწყო საგამოფენო სივრცეები და აგრო-პავილიონები.

ამავე დღეს, დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 23 წარჩინებული მოსწავლე და გამოვლინდა 6 საპატიო მოქალაქე, რომელთაც სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეებმა ზვიად ჭუნაშვილმა, კახაბერ კობერიძემ, ზაურ დარგალმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა გადასცეს და სცენიდან გარდაბნელებს დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცეს.

ღონისძიება რეგის, პოპ და ფოლკ-როკის ჟანრის მუსიკის შემსრულებელმა, ცნობილი ჯგუფმა „33ა”-მ და ნიაზ დიასამიძემ დაასრულეს.

„გარდაბნობა 2018″ გრანდიოზული, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.