საქართველო

„განვაგრძობ უხელფასოდ ფიზიკის გაკვეთილების ჩატარებას“ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი საპენსიო ჯილდოს მიღების შემდეგაც „არ ღალატობს“ თავის საქმეს

პენსიონერი პედაგოგების მიერ სახელმწიფო ჯილდოს მიღებისა და სამსახურისთვის თავის დანებების შემდეგ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში შექმნილი საკადრო დეფიციტის გამო სკოლის დირექტორმა ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელიც ამავე სკოლაში ფიზიკას ასწავლის, გადაწყვიტა, რომ 15 თებერვლიდან, როცა მას მასწავლებლის სტატუსი ოფიციალურად შეუჩერდება, უხელფასოდ განაგრძოს 2020 წლის სასწავლო წლის დასრულებამდე საგნის სწავლება.

როგორც „ბიზნესკონტინენტს“ ბატონმა ვაჟა ზურნაჩიანმა უთხრა, მას შემდეგ, რაც 2019 წელს საპენსიო ასაკში მყოფმა ქიმიის პედაგოგმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღებაზე განაცხადა თანხმობა და შესაბამისად, სკოლაში მუშაობასაც თავი დაანება, აღნიშნული საგანში გამოცხადებულ ვაკანსიაზე არავინ გამოხატა მუშაობის დაწყების სურვილი და დღემდე სკოლაში ქიმიის გაკვეთილები არ ტარდება.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკის სწავლების მხრივაც ანალოგიური რამ არ მოხდეს, ვაჟა ზურნაჩიანმა – რომელიც დირექტორობის პარალელურად ამ დრომდე აშკალის საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის და რომელმაც ასევე სახელმწიფო ჯილდოს მიღება არჩია უფროსი მასწავლებლის სტატუსისთვის ბრძოლას – 2019-2020 წლის სასწავლო წლის დასრულებამდე ფიზიკის გაკვეთილების უხელფასოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო და „ბიზნესკონტინენტს“ განუცხადა, რომ ამას მომავალი თაობისთვის, რომლის აღზრდასაც თითქმის ნახევარი საუკუნე შეალია, თავისი ნებით, „უდიდესი სიამოვნებით აკეთებს“.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა და სოფლის შუაგულში საჯარო სკოლა

„იქიდან გამომდინარე, რომ კადრის არარსებობის გამო სწავლის პროცესი არ შეფერხდეს 15 თებერვლიდან, როცა ოფიციალურად შემიწყდება პედაგოგის სტატუსი, მაინც ჩავატარებ ფიზიკის გაკვეთილებს, რადგან არაფრით არ შეიძლება უღალატო იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდი. ყოფილა გასული საუკუნის 90-იან წლებში ისეთი რთული მდგომარეობა, რომ ხელფასები თვეობითაც არ მიგვიღია, ან თუ რამეს ვიღებდით, ძალზე ცოტა იყო, მაგრამ სწავლის პროცესი არასდროს შეგვიჩერებია. ადგილზე ძალზე რთულია სომხურენოვანი ახალი კადრების მოძიება და პენსიონერი პედაგოგების წასვლის შემდეგ ერთგვარი ვაკუუმი იქმნება. ქიმიის საგანში გამოცხადებულ ვაკანსიაზე არავის გამოუთქვამს მუშაობის დაწყების სურვილი, რადგან მხოლოდ 8 საათია ამ საგანში და იმისთვისაც მზად ვარ, ისე გადავანაწილო მომავალი მასწავლებლის ცხრილი, რომ გარკვეულ დღეებში სხვა ახლომდებარე სკოლაშიც ჰქონდეს მუშაობის საშუალება, რადგან მხოლოდ 8 საათისთვის არა მგონია ვინმეს გაუჩნდეს აქ მუშაობის სურვილი.

„ისეთივე სურათი რომ არ შეიქმნას ფიზიკის საგნის სწავლების კუთხითაც, როგორც უკვე გითხარით ქიმიის მხრივ, მე განვაგრძობ უხელფასოდ გაკვეთილების ჩატარებას. ვნახოთ, შემდეგ რა იქნება“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ვაჟა ზურნაჩიანმა.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

ზურნაჩიანის ინფორმაციით, 2020 წლის 15 იანვრიდან აშკალის საჯარო სკოლას  სამი უფროსი მასწავლებელი შეემატა – მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი; ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლუსინე ტერბალიანი და ასევე ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი ასთხიკ დონაკანიანი. მანამდე კი აღნიშნული სტატუსი უკვე მოპოვებული ჰქონდათ ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელს თეა გიგიტაშვილს და მუსიკის მასწავლებელს გურამ იაკობაძეს.

„ბიზნესკონტინენტი“ დაინტერესდა გაეზარდათ თუ არა 20%-ით აშკალის სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი 2019 წლის ოქტომბრიდან, რაზეც ბატონმა ვაჟამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ეს ასე არ მომხდარა, რადგან მათ მინისტრის ბრძანება ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

„ველოდებით განათლების მინისტრის ბრძანებას და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ხელფასების 20%-იანი ზრდა. ისე თანხები მეტი შემოვიდა სკოლაში ვაუჩერების სახით“, აღნიშნა ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელმაც მადლიერება გამოხატა სკოლის პედკოლექტივისა და განსაკუთრებით კი ადმინისტრაციის თანამშრომლების – საქმის მწარმოებლის, სუზანა ენოკიანის (დაბლა ფოტოზე ხელმარჯვნივ) და ბუღალტრის, აშხენ მანუკიანის (დაბლა ფოტოზე ხელმარცხნივ) მიმართ.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანების და რა თქმა უნდა, მთელი პედკოლექტივის დაუღალავ შრომაზე დგას ჩვენი სკოლა. ორივე მათგანი – ქალბატონი სუზანა და ქალბატონი აშხენი, უკვე წლებია ჩინებულად ასრულებენ თავიანთ საქმეს. მათ ისე ზედმიწევნით კარგად იციან მათზე დაკისრებული მოვალეობები, რომ არ მახსოვს ოდესმე მითითება მიმეცეს რომელიმე მათგანისთვის. ყველა ორგანიზაციას ვუსურვებდი ისეთ პატიოსან, პროფესიონალ, თავდადებულ და საქმის ერთგულ ადამიანებს, როგორც ისინი არიან“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ვაჟა ზურნაჩიანმა.

მომზადებულია მედიაორგანიზაცია „ბიზნესკონტინენტის“ დაკვეთით