საქართველო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი “ახალი სკოლის მოდელში” ჩართულ სკოლის დირექტორებს და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი “ახალი სკოლის მოდელში” ჩართულ სკოლის დირექტორებს და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა.

„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა – ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპილოტე სკოლების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან შეხვედრები. ეს ის პროფესიონალები არიან, რომლებიც ახალი საგაკვეთილო პროცესების დანერგვაზე ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ სკოლებში მუშაობას. ახალი მოდელის განხორციელების დეტალებზე თითოეულ სკოლაში ინდივიდუალურად ვმუშაობთ, ვეცნობით სკოლების საჭიროებებს, რათა მაისის ბოლოს უკვე ვიხილოთ რეფორმირებული სკოლების წარმატებული მაგალითები“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტროს ექსპერტები პედაგოგებთან იმ ძირითად მიმართულებებზე მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა, ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა.