მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ უთხრა უარი ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკან წაიღოს მის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება.

როგორც BBC იუწყება, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის „ანულირებული და ძალადაკარგული“ და ის უნდა გაუქმდეს.

რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა და 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.

როგორ გადანაწილდა გაერო-ს წევრი ქვეყნების ხმები?

9 წევრი, რომელმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა არიან: შეერთებული შტატები, ისრაელი, გვატემალა, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, პალაუ და ტოგო.

მათ შორის, ვინც თავი შეიკავა, იყვნენ კანადა და მექსიკა.

მათ შორის, ვინც ხმა მისცა რეზოლუციას, სხვებთან ერთად იყვნენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, 5-დან 4 – ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

21-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

GUARDIAN.GE