მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

Fox News-ი ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა – 5 დღის წინ მან ტრამპთან ისადილა

ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ბრაზილიის პრეზიდენტი და მისი პრესმდივანი 7 მარტს ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდნენ, რის შემდეგაც ახალი კორონავირუსი მის პრესმდივანს დაუდასტურდა. ბოლსონარუმ მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიტარა ტესტი, რაზეც foxnews-ის ცნობით, პასუხი დადებითი აღმოჩნდა, თუმცა ბრაზილიის პრეზიდენტის შვილმა უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ტესტირების შედეგი ნეგატიური იყო.

პრეზიდენტის ვაჟმა, ედუარდუ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირებას ოჯახის ყველა წევრი გაივლის.

უფრო ადრე, დონალდ ტრამპთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის ახლო წრეს ეუბნება, რომ იგი „ძალიან შეშფოთებულია“ იმ ხალხთან კონტაქტით, რომელთაც კორონავირუსი შეეყარათ, მათ შორის ბრაზილიის ოფიციალურ პირთან ურთიერთობით, რომელსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა მას მერე, რაც ტრამპთან მარ-ა-ლაგოში პირისპირ შეხვედრისა და სადილის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, იტყობინება CNN-ი.

CNN-ის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს პრესმდივნის, ფაბიო ვაჯნგარტენის კორონავირუსზე შემოწმებამ ხუთშაბათს დადებითი შედეგი აჩვენა.

 

ბოლსონარუს პრესმდივანმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იგი მარ-ა-ლაგოში ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად დგას. ფოტო შაბათ-კვირას არის გადაღებული.

ვაჯნგარტენი პრეზიდენტ ბოლსონარუს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ახლდა, რა დროსაც ტრამპმა და ბრაზილიის პრეზიდენტმა ერთად ისადილეს.

ხუთშაბათს ტრამპი დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ იგი არ არის შეშფოთებული იმით, რომ მას შეიძლება კორონავირუსი შეეყაროს.

„ჩვენ არაფერი რაიმე ძალზე განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია. ჩვენ (შენიშვნა: ტრამპი და ბოლსონარო) ერთმანეთის გვერდით ვისხედით გარკვეული პერიოდი“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში.

თეთრი სახლის პრესმდივანმა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „ორივეს, პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს თითქმის არ ჰქონიათ შეხება იმ პირთან, რომელსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა და ამდენად, ისინი არ საჭიროებენ შემოწმებას“.

„თეთრი სახლის სამედიცინო განყოფილება და შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური მჭიდროდ მუშაობენ სხვადასხვა სააგენტოსთან, რათა გამოჩენილი იყოს სიფრთხილე და პირველი და მეორე ოჯახების და თეთრი სახლის თანამშრომლების ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს“, აღნიშნულია განცხადებაში.

CNN-ის წყაროს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, შემოწმდა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსზე.

GUARDIAN.GE