ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონმა გამოამჟღავნა, რომ მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად „ლიტრობით და ლიტრობით ჟანგბადის“ მიწოდება გახდა საჭირო

ბორის ჯონსონმა გამოამჟღავნა, რომ იმ დროს, როცა იგი კორონავირუსზე სახლის პირობებში მკურნალობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და სერიოზულად იყო ავად, „გაუთვალისწინებელი დამატებითი გარემოებების გეგმა“ შედგენილი იყო.

„The Sun on Sunday“-სთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად „ლიტრობით და ლიტრობით ჟანგბადის“ მიწოდება გახდა საჭირო.

მან განაცხადა, რომ მისმა ლონდონის წმინდა თომას სახელობის საავადმყოფოში ერთკვირიანმა ყოფნამ მას იმის სურვილი აღუძრა, რომ შეწყვეტილიყო როგორც სხვების ტანჯვა, ასევე „კვლავინდებურად ფეხზე დამდგარიყო“ დიდი ბრიტანეთი.

უფრო ადრე მისმა პარტნიორმა, ქარი საიმონდსმა გაამჟღავნა, რომ მათ თავიანთ ახლად დაბადებულ ვაჟს, უილფრედ ლორი ნიკოლას ჯონსონი დაარქვეს. ეს სახელი ბიჭს მათი ბაბუებისა და ორი იმ ექიმის პატივსაცემად შეარქვეს, რომლებიც საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ ბორის ჯონსონს მკურნალობდნენ.

როცა საიმონდსმა „ინსტაგრამზე“ თავისი ახლად დაბადებული ბიჭის ფოტო გამოაქვეყნა,  დაწერა, რომ ბავშვს მეორე სახელი, ნიკოლასი, ორი ექიმის – ნიკ პრაისის და ნიკ ჰარტის პატივსაცემად დაარქვეს – ექიმების, რომლებაც ბორისის სიცოცხლე გადაარჩინეს“.

ჯონსონს ახალი კორონავირუსით ინფიცირება 26 მარტს დაუდგინდა. თავდაპირველად იგი დაუნინგ სტრიტზე, სახლის პირობებში მკურნალობდა და საავადმყოფოში 10 დღის შემდეგ, ჯანმრთელობის დამძიმების გამო გადაიყვანეს, რამდენიმე დღეში კი, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ინტენსიური მზრუნველობის განყოფილების პალატაში მოათავსეს.

„ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჩემი ჯანმრთელობა ასე გაუარესდებოდა. ექიმები ყველანაირ ზომაზე ფიქრობდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, თუკი პროცესები ცუდად წარიმართებოდა“, უთხრა პრემიერ მინისტრმა „The Sun on Sunday“-ს და დასძინა, რომ მისი გამოჯანმრთელება „განსაცვიფრებელი, განსაცვიფრებელი მოვლის“ შედეგი იყო.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ჯონსონი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და სამსახურს 27 აპრილს დაუბრუნდა.

BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობის აღრიცხულმა მაჩვენებელმა 28 131 შეადგინა, თუმცა, როგორც ეს ინგლისის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, ექიმმა ჯენი ჰარისმა განაცხადა, ბოლო კვირის განმავლობაში 13%-ით შემცირდა ვირუსით ინფიცირებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოებში მკურნალობენ.

როგორც BBC იტყობინება, შაბათს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ £76 მილიონი ფუნტი სტერლინგის (საქართველოს ეროვნული ბანკის 1 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 304 577 600 ლარი)  გამოყოფის შესახებ გამოაცხადა დაუცველი ბავშვების, ოჯახური ძალადობის და თანამედროვე მონობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად – მათ დასახმარებლად, რომლებიც საგანგებო მდგომარეობისას სახლებში „გამომწყვდეულები“ აღმოჩნდნენ.

GUARDIAN.GE