ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონმა ახალი კორონავირუსის პანდემია გერმანიის, საფრანგეთის და თურქეთის ლიდერებთან განიხილა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ახალი კორონავირუსის პანდემიის საკითხი ამ საღამოს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილა, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“ დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ლიდერები შეჯერდნენ, რომ შეთანხმებული მრავალმხრივი ქმედებები არსებითია გლობალური ჯანდაცვის გამოწვევის საპასუხოდ და კორონავირუსისაგან გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამსუბუქებლად. მანამდე ჯონსონმა მოუწოდა დიდი შვიდეულის ლიდერებს პანდემიის საპასუხოდ საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაცია მოახდინონ.

მანამდე, ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებმა სხვადასხვა შეფასებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება შეეყაროს თავიანთ ქვეყნებში ახალი კორონავირუსი. BBC-ის ცნობით, კვირას, საფრანგეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი დაინფიცირდება კორონავირუსით.

გერმანიაში, კანცლერმა ანგელა მერკელმა გასული კვირის დასაწყისში გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს – დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს შეიძლება შეეყაროს ვირუსი.

ბრიტანეთის მთავრობამ კი განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის პიკზე შესაძლოა სამუშაო ძალის დაახლოებით ყოველი მეხუთე დაავადდეს ახალი კორონავირუსით და ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, დიდი აფეთქებისას ინფექცია 80%-ამდე ბრიტანელს შეიძლება შეეყაროს.

„ნათელია, რომ ახალი კორონავირუსი, კოვიდ-19 მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში მოდევნო თვეების განმავლობაში იქნება მოდებული. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეიძლება გაგვეკეთებინა ამ დაავადების შესაკავებლად. მაგრამ ეს ახლა გლობალური პანდემიაა და შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ინფიცირებულია, მეტი, გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით. ზოგი ამას სეზონურ გრიპს ადარებს, მაგრამ ეს მართებული არ არის, ეს გაცილებით სახიფათოა და ის უფრო გავრცელდება და მე ვალდებული ვარ ვუთხრა ბრიტანეთის საზოგადოებას, ბრიტანელებს, რომ უფრო მეტი ოჯახი, ბევრი ოჯახი დაკარგავს მათი საყვარელ წევრებს“, უთხრა მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰანკოკმა BBC-ის უთხრა, რომ ბრიტანეთი არ გამორიცხავს სხვა ქვეყნების მსგავსად იმოქმედოს და ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყანაში აფთიაქების და სუპერმარკეტების გარდა ყველაფერი – რესტორნები, ბარები, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები დახუროს.

დიდ ბრიტანეთში სუპერმარკეტებმა მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდეს არ მიეცენ პანიკას იმის შიშით, რომ თაროები შეიძლება დაცარიელდეს პროდუქტებისაგან, არ იყიდონ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ეს მათ საჭიროებას წარმოადგენს და არ დატოვონ სხვები იმ პროდუქტების გარეშე, რაც მათ ესაჭიროებათ. „ყველაფერი საკმარისია ყველასათვის, თუკი ერთად ვიმუშავებთ“, ნათქვამია სუპერმარკეტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილში.

 

როგორი სურათია ჩინეთის გარეთ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მხრივ? 

ახალი კორონავირუსით იტალიაში უკვე 2 503 ადამიანი გარდაიცვალა, ირანში 1 000, ესპანეთში 491, საფრანგეთში 148.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა სამშაბათს, ერთ დღეში, 309-დან 491-ამდე გაიზარდა, იტყობინება BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმაც მკვეთრად მოიმატა, 2 000 ახალი ინფიცირებულით და 11 178 შეადგინა. ესპანეთმა თავისი საზღვრები ჩაკეტა და  47-მილიონიანი ქვეყანა ნაწილობრივ დახურულ მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მადრიდშია გამოვლენილი – 4 871, მეორე ადგილზე კი კატალონიაა 1 394.

სამშაბათ საღამოს მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსისგან, „კოვიდ-19“-ისგან 1 028 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

იტალიამ, სადაც ჩინეთის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა გამოვლენილი, 26 000-ზე მეტი, სამშაბათს სიკვდილიანობის მორიგი ზრდის შესახებ გამოაცხადა – 2 150-დან 2 503-ამდე. ქვეყანა დახურულ მდგომარეობაში რჩება.

სიკვდილიანობამ იმატა ირანშიც, სადაც ბოლო 24 საათში 135 ადამიანია გარდაცვლილი და ოფიციალური მონაცემებით იქ უკვე 1 000-ამდე მოქალაქე ემსხვერპლა ახალ კორონავირუსს.

გერმანიამ, სადაც 6 000-ზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი და სიკვდილის 13 შემთხვევას აქვს ადგილი, აკრძალა რელიგიური მსახურებები და მოუწოდა თავის მოქალაქეებს, რომ გააუქმონ ნებისმიერი შიდა და საზღვარგარეთ დაგეგმილი მოგზაურობა.

საფრანგეთში ამ დროისთვის ინფიცირებულთა 6 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია  148 ადამიანი.

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსისგან უკვე 67 ადამიანი, მათ შორის 14 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა.

ევროკავშირმა ბლოკის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან არასაჭირო მგზავრობები აკრძალა, საფრანგეთში კი დღეიდან უმკაცრესი ზომები ამოქმედდა.

ევროკავაშირის მიერ მგზავრობაზე დაწესებული აკრძალვა სულ მცირე 30 დღე გავრცელდება. ის შეეხება ყველა უცხოელ ვიზიტორს, გარდა ხანგრძლივი ვადით მცხოვრები რეზიდენტებისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოჯახების წევრებისა და დიპლომატებისა, ჯანდაცვის მუშაკებისა და პროდუქტების გადამტანი სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებისა.

გარდა ამისა, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ერთი წლით, 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო.

 GUARDIAN.GE