ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინის ომზე სამოქმედო გეგმას წარადგენს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რამდენიმე დღეში კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომზე მოქმედების 6-პუნქტიან გეგმას წარადგენს. დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯონსონი თავის კოლეგებს ბრიტანული გეგმის გარშემო გაერთიანებისაკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „დამარცხება მის ამბიციებში“.

გეგმა მოუწოდებს ქვეყნებს „მოახდინონ საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის მობილიზება უკრაინისთვის, მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უზრუნველყოფის ძალისხმევაში და მაქსიმალურად გააძლიერონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმა ასევე მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის პარტნიორებს „აღკვეთონ მცოცავი ნორმალიზება, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, მისდიონ დიპლომატიურ გზას დეესკალაციისთვის, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული მონაწილეობის საფუძველზე და დაიწყონ სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად ევროატლანტიკურ სივრცეში“.

„პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა ვნახოთ დამარცხებული აგრესიის ამ ქმედებაში. არ არის საკმარისი გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი – ჩვენ უნდა დავიცვათ იგი სამხედრო ძალით გადაწერის მუდმივი მცდელობისაგან“, – აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.

guardian.ge