ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონი: „პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირ საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „სერიოზულად შემაშფოთებელ ვითარებაზე ესაუბრა“, – ამის შესახებ ჯონსონი „ტვიტერში“ წერს.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბირთვულ ქარხანაზე თავდასხმა და ნება დართოს საგანგებო სამსახურებს ქარხანაში შევიდნენ“, – განაცხადა ჯონსონმა.

პრემიერ-მინისტრის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს“.

„პრეზიდენტ პუტინის დაუფიქრებელმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირ საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯონსონი უახლოეს საათებში შეეცდება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, სადაც დიდი ბრიტანეთი გეგმავს ამ საკითხის წამოწევას რუსეთთან და მის პარტნიორებთან.

ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაში ხანძარია. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბირთვულ ქარხანას ჭურვებს რუსული ჯარები ესვრიან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ იგი კავშირზეა უკრაინის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ქარხანაზე იერიშის მიტანის ცნობები გავრცელდა.

„ევროპის უდიდესი ბირთვული ქარხანა ახლა ცეცხლშია გახვეული“, – ამბობს ზელენსკი „თვითერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

პრეზიდენტი ზელენსკი დაჟინებით მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს შეაჩერონ რუსეთი მანამ, სანამ „ბირთვული უბედურება დატრიალდება“.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება სადგურზე ხანძარი. შეიძლება იყოს აფეთქება, ღმერთმა დაგვიფაროს“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „ჩვენი ბიჭები იცავენ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას“.

ზაპოროჟიეს რეგიონული სახელისუფლების ადმინისტრაციის განცხადებით, ზაპოროჟიეს ბირთვული ქარხნის უსაფრთხოება „დაცულია“. ალექსანდრე სტარუხმა „ფეისბუქში“ ერთი წინადადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ზაპოროჟიეს ბირთვული ქარხნის დირექტორს ესაუბრა, რომელმაც ქარხნის უსაფრთხოებაში დაარწმუნა.

„ზაპოროჟიეს ბირთვული ქარხნის დირექტორმა დამარწმუნა, რომ ამ დროისთვის ობიექტის ბირთვული უსაფრთხოება დაცულია“, – დაწერა მან.

მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა განაცხადა, რომ პარასკევს, დილის 05:20 საათზე, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ძირითადი რეაქტორის კომპლექსის გარეთ სასწავლო შენობაში გაჩნდა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია.

ოფიციოზის ცნობით, რადიაციის დონე ქარხნის ტერიტორიაზე ნორმალურ ზღვარზეა.

guardian.ge