საქართველო

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წარადგინა. ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს პოსტიდან „კულტურული“ წასვლისთვის და აღნიშნა, რომ ეს თავად ბახტაძის სურვილი იყო.

„როგორც უკვე მოგეხსენებათ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თავის თანამდებობიდან. კვირა საღამოს ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი. მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა, მე პირადად. დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით, მამუკა ბახტაძე. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგი იქნება თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში, რომ კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების თავის გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენი, ასე ვთქვათ, პროცესები ჩაირთო და დაიწყო და ჩათვალა, რომ მან თავის სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე პრემიერ მინისტრის რანგში და ასე კულტურული წასვლისთვისაც თანადებობიდან.

„დღეს დილით ჩვენ გვქონდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ, წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას სახით, მივიღე სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევისა. თქვენც, ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, რომ მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენის, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.