საქართველო

ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილის ბრალდებას უპასუხა: სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს

„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლთან ზაზა ოქუაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ოქუაშვილს მართლაც შეხვდა ერთხელ და დაეხმარა კიდეც, ხოლო ის, რაზეც ინტერვიუში ოქუაშვილი მის შესახებ საუბრობს, ღიმილისმომგვრელია.

„მედიაზე და ბიზნესზე ზეწოლა ღიმილს იწვევს. ალბათ, წუხანდელი გადაცემაც ნახეთ. რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მე მართლაც შევხვდი ერთჯერ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიერი ბიზნესმენი, ვინც მოდის ჩემამდე ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ ღიმილისმომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან თქვენ და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ: სადაა ჩანაწერები? ყველას იწერდენენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს, ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ“, განაცხადა ივანიშვილმა.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან 4 მილიონს პირადად ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ მის ბიზნესს ნორმალური ფუნქციონერების საშუალება ჰქონოდა.

ოქუაშვილმა ლონდონიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ჩართვისას თქვა, რომ ივანიშვილი კერძო სივრცეში საუბროს ტელევიზიისგან საკმაოდ განსხვავებული ლექსიკით. მასთან ერთ-ერთი შეხვედრისას, როცა ივანიშვილმა პირადად მოითხოვა მისგან 4 მილიონი, „გახარიას უყვიროდა და საკმაოდ აგრესიას ავლენდა. პირველ შეხვედრაზე ცდილობდა თავშეკავებული ყოფილიყო, მეორე შეხვედრისას კი იგი უყვიროდა გახარიას და გახარია იყო აბსოლუტურად წითელი“.

ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი და მისი ჯგუფი სწავლობენ საიდან მიუდგნენ ამა თუ იმ ბიზნესმენებს, თითქოს დახმარების მიზნით, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ მოქმედებას იწყებენ. მისი თქმით, ისინი ცდილობდნენ დაეზარალებინათ ფირმა, მოექციათ ის ფინანსური ვალდებულებების ქვეშ და შემდეგ ზეწოლა მოეხდინათ.

guardian.ge