საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: რუსთავი 2-ს მაყურებელი მძევლად ჰყავს აყვანილი და ვერ ხერხდება აზრის მოსმენა

„თქვენ ძალიან ბევრს ცრუობთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანეთ, აჩვენებთ ტელემაყურებელს, სოციალურ ქსელებში იყო ამაზე დიდი რეაქცია. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე გამომჟღავნდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. არც ერთი მათგანი არ მოგიწვევიათ პასუხის გასაცემად. ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გააკეთეთ გადაცემა, გამოიტანეთ მთავრობის და პარლამენტის წევრების ბინები, აჩვენეთ ტელემაყურებელს, ისე, რომ არც ერთ მათგანთან შეკითხვა არ დაგისვამთ, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ერთადერთი, ვინც ტელეკომპანიამ რესპონდენტად აირჩია, ირაკლი სესიაშვილი იყო.

„ტელეკომპანიას დაუკავშირდა მანანა კობახიძე , ლევან იზორია, თქვენ ეს არ შეასრულეთ. ერთადერთი ვინც აირჩიეთ რესპონდენტად, ეს იყო ირაკლი სესიაშვილი და ეს მოხდა გუშინ და სხვათაშორის ვინც უყურა ამ გადაცემას, სესიაშვილმა ასით ნოლი მოგიგოთ,  ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომზადებული და მობილიზებული იყავით.  20 წლის წინ აშენებული სახლი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ალბათ თინეიჯერი  ან სტუდენტი იყო, აჩვენეთ როგორ კორუფციაში ჩაფლული და მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ. არც ერთი კითხვა არ დაგისვამთ. ეს არის თქვენი მუშაობის მანერა, თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს, მაყურებლის დიდი ნაწილი გყავთ მძევლად აყვანილი, ხართ დახურული ტელევიზია, აჩვენებთ სიცრუეს 99 პროცენტი, ეს კარგი მაგალითია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იგი ქართულ საზოგადოებას ჰპირდება, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში „ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”. მისი თქმით, პოლიტიკაში სწორედ იმიტომ დაბრუნდა, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს მისი რესურსი დასჭირდა.

„მე დავბრუნდი პოლიტიკაში, სამწუხაროდ და მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ“. „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება და „რუსთავი 2″ ვერ შეძლებს, საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ სტრესებში აცხოვროს საზოგადოება….

მე ვპირდები საზოგადოებას, პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტი ჩემი ძლიერი მხარეა, ამაში დავეხმარები გუნდს და ამისთვის შემოვბრუნდი. მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი და მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა