საქართველო

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს: ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდა

„ეს სხვა ძალაა, ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდათ“, განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მათ იცოდნენ სიცრუე და ძალადობა. ისინი ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, თვითონ კარგად იყვნენ და ყველას გვარწმუნებდნენ, რომ კარგად ვართ. მოდელირებული გადაცემები, დახურული ტელევიზიები, წითელი და ყვითელი ჩაფხუტები. დააყენებდნენ რიგში, ერთ შენობას აშენებულს ოთხი მხრიდან ოთხი კვირის განმავლობაში უღებდნენ და აპიარებდნენ.

არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ აღმშენებლობა მიდის და თქვენ კარგად ხართ. ვეღარ იხსენებენ, რომ მშენებლობა გააჩერეს, ვეღარ იხსენებენ, რომ პოლიცია დაიშალა, ვერაფერს ამბობენ. ერთადერთი სიცრუეზეა ყველაფერი დალაგებული. დღეს, იგივე ფორმებით და იგივე მეთოდებით ცდილობენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ყველაფერი არის საშინელება და აპოკალიფსი გველოდება ხვალ. ისედაც გაჭირვებულ საზოგადოებას კიდევ შოკში აგდებენ. ესეც გუნდის სისუსტე“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და სიცრუის ტყვეობაში არ დატოვოს საზოგადოების დიდი ნაწილი.

„რუსთავი-2 და „ნაციონალური მოძრაობა“ ვახსენე, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძლებთ სიცრუის ტყვეობაში და შანტაჟში აღარ დავტოვოთ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც აღშფოთებულიც არის და შეშფოთებულიც იმით, რასაც აკეთებენ და როგორც აკეთებენ”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.