საქართველო

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის 4 – 6 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს

პარლამენტის 4 – 6 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.

პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხას ორი ახალი საკითხი დაემატა: მინისტრის საათი, რომელზეც დაგეგმილია მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა და პარლამენტის დადგენილების პროექტი „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, ნატო ჩხეიძისინიციატივას წარმოადგენს.

ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.

ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა შორისაა მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი მოცულობითი პაკეტი – კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 170-ზე მეტი კანონპროექტითურთ.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნით, ეს საკანონმდებლო პაკეტი საჭიროებს ცვლილების განხორციელებას კიდევ რამდენიმე კანონში, მათ შორის, ცვლილებას პარლამენტის რეგლამენტში.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, როგორც წამყვანი კომიტეტი, იზიარებს იურიდიული დეპარტამენტის მოსაზრებას, რომელიც მას აქვს საკითხთან დაკავშირებით.

„წინ გვაქვს დიდი სამუშაო, ეს არის მთელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება თვითმმართველობის კოდექსთან. ამავე პროცესში უფლებამოსილებათა გამიჯვნის კონსტიტუციური ვალდებულება განხორციელდება, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, ქონების მართვის საკითხებში, რაც ასევე უნდა აღვიქვათ როგორც დეცენტრალიზაციის რეფორმის თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები. საკითხები ასევე ეხება ისეთ ნიუანსებს, როგორიცაა რეგულარული სამგზავრო ნებართვების გაცემა, რაც აქამდე მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების კომპეტენცია იყო და პროექტით ყველა მუნიციპალიტეტს მიეცემა ეს უფლება, რაც საერთო ინტერესი გახლდათ“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, აქ ითქვა და ჰარმონიზაციის პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, დამატებით აუცილებელია განხორციელდეს ცვლილებები კანონებში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ და, ამავდროულად, სრული ჰარმონიზაციისთვის სასურველია ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, კომიტეტი მზად არის მოამზადოს აღნიშნული პროექტები და ინიციატივის წესით წარუდგინოს პარლამენტს, წამყვანი კომიტეტის პოზიციიდან კი უზრუნველყოფენ ამ ორივე პროექტის, როგორც უკვე რეგისტრირებულის, ისე დამატებით საჭირო პროექტების განხილვას თანადროულ ვადებში.

ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო ასევე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ვადების გაგრძელების შესახებ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მდივანმა გედევან ფოფხაძემ ბიუროს მიმართა თხოვნით, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ფინანსთა მინისტრის მიერ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაზე, როდესაც მან ფრაქციის მოთხოვნის მიუხედავად დღეს თავი აარიდა კომიტეტის სხდომაზე მოსვლას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საჭიროა პრაქტიკა დაიხვეწოს და თუ მინისტრი გუშინ იყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს აღარ უნდა დაიბარონ და ამისათვის, თუ აუცილებელია, კანონმდებლობაც უნდა დაიხვეწოს.

მისი თქმით, რეგლამენტში გარკვეული რისკები გათვალისწინებულია და როდესაც მინისტრს ერთი დეპუტატი დაიბარებს კომიტეტის სხდომაზე, მეორე დეპუტატს არ შეუძლია მისი დაბარება 2 თვის განმავლობაში, მაგრამ თუ სხდომათა დარბაზში მოვა მინისტრი და მას პარლამენტი სამთავრობო საათზე მოუსმენს, მეორე დღესვე რომ არ შეეძლოს დეპუტატს იმავე მინისტრის დაბარება, ასეთი რამ რეგლამენტში გათვალისწინებული, სამწუხაროდ, არ არის და ამდენად, ეს საკითხი გადასაწყვეტია.

„ფორმალურად შეიძლება მართლები ხართ, ადგილი აქვს რეგლამენტის დარღვევას, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც დეპუტატები მინისტრს პარლამენტში დაიბარებენ, ის უნდა მივიდეს. თუმცა, მეორე საკითხია, ეს ფორმალური მოცემულობა უნდა შევუთავსოთ თუ არა ახირებებს. როცა ერთ დღეს მინისტრი პარლამენტშია და მაინცდამაინც მეორე-მესამე დღეს იბარებ მას ხელმეორედ, ამით მას ერთთვიან ინტერვალსაც კი არ აძლევ, რომ დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცეს. ეს პრაქტიკა დაიხვეწა ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით. ეკატერინე ტიკარაძე მოსული იყო პარლამენტში, დეპუტატებს გასცა ყველა კითხვაზე პასუხი და შემდეგ იყო ახირება, რომ რეგლამენტის ფორმალური მოთხოვნების დაცვით, რამდენიმე დღეში ისევ გამოცხადებულიყო. კომიტეტმა ჯანდაცვის მინისტრი არა მეორე დღეს, არამედ გარკვეული ვადის შემდეგ დაიბარა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ფორმალური ახირებები გავაფორმოთ, ყოველ მეორე დღეს მინისტრი აქ იყოს და თავის საქმეს მოვწყვიტოთ, ეს საქმეს არ წაადგება. კომიტეტზე მეტ კითხვას დავსვამ და უფრო გაბრაზებული – ეს ახირება არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ რეგლამენტის დარღვევაზე ვისაუბროთ. რეგლამენტის ბუკვალური დაცვით, ახირებები, რომ მინისტრი ყოველ მეორე დღეს აქ იყოს, არ უნდა შევასრულოთ. ეს პრაქტიკა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, რაღაცა თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ, მგონია, ფორმალურ საკითხებს არ უნდა გამოვედევნოთ, როცა ეს არაპრაქტიკულია, არ არის შედეგთან მიმართებაში სწორი. შეიძლება რეგლამენტის დახვეწაზეც ვიფიქროთ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.