აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და მისმა მეუღლემ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, გარდაცვლილი სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესის მიერ გამოძიების ფარგლებში ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადეს.
კლინტონებმა აღნიშნული გადაწყვერილება რამდენიმე დღით ადრე მიიღეს, სანამ კენჭისყრა გაიმართებოდა იმის შესახებ, უნდა განხორციელებულიყო თუ არა მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში გამოუცხადებლობის გამო.
ბილ კლინტონი იცნობდა ეპშტეინს, რომელიც 2019 წელს ციხეში გარდაიცვალა, თუმცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს, რომ მან რაიმე იცოდა მისი სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ მან ეპშტეინთან კონტაქტი ორი ათწლეულის წინ გაწყვიტა.
უცნობია, როდის გაიმართება ჩვენებების მიცემა, თუმცა ეს იქნება პირველი შემთხვევა, 1983 წელს ჯერალდ ფორდის შემდეგ, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კონგრესის პანელის წინაშე მისცემს ჩვენებას.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა, რომელსაც „რესპუბლიკელები“ ხელმძღვანელობენ, გასული თვის ბოლოს რამდენიმე „დემოკრატის“ მხარდაჭერით დაამტკიცა კლინტონების პანელისადმი უპატივცემულოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება.
ორშაბათ საღამოს, კლინტონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ანჯელ ურენამ, X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაადასტურა, რომ წყვილი პანელის წინაშე წარდგებოდა.
„ისინი კეთილსინდისიერად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. თქვენ ეს არ გააკეთეთ“, – დაწერა ურენამ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მისამართით.
„მათ ფიცის ქვეშ გითხრეს ის, რაც იცოდნენ, მაგრამ თქვენ ეს არ გადარდებთ. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი იქ იქნებიან. ისინი მოუთმენლად ელიან პრეცედენტის შექმნას, რომელიც ყველაზე გავრცელდება“.
ორივე კლინტონი ამბობს, რომ მათ ადრე კომიტეტს ფიცის დადების შემდეგ ჩვენებები მიაწოდეს და უკვე გადასცეს ეპშტეინის შესახებ მათ ხელთ არსებული „შეზღუდული ინფორმაცია“.
წყვილმა კონგრესში დაბარებას უწოდა „სხვა არაფერი, თუ არა პოლიტიკური ოპონენტების შერცხვენის მცდელობა“.
ბილ კლინტონი ეპშტეინის ძალადობის მსხვერპლებს არასდროს დაუდანაშაულებიათ დანაშაულში და ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს, რომ რაიმე იცოდა ეპშტეინის სექსუალური ძალადობის შესახებ.
ეპშტეინის კერძო თვითმფრინავის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ კლინტონმა 2002 და 2003 წლებში ოთხი საერთაშორისო რეისი განახორციელა.
ყოფილი პრეზიდენტი ასევე ჩანს გარდაცვლილი ფინანსისტის მამულში იმ ფოტოებზე, რომლებიც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მთელ რიგ ჩანაწერთა შორის იყო. ე.წ. ეპშტეინის ფაილები კონგრესის მიერ მიღებული იმ კანონის შესაბამისად გამოქვეყნდა, რომელიც პედოფილობაში ბრალდებულთან დაკავშირებული ყველა საგამოძიებო მასალის გამჟღავნების ვალდებულებას მოიცავს.
ერთ-ერთ სურათზე ყოფილი პრეზიდენტი აუზში ცურავს, მეორეში კი ზურგზე წევს და ხელები თავქვეშ აქვს ამოდებული ჯაკუზის მსგავს ადგილას.
კლინტონის პრესსპიკერმა, ურენამ, დეკემბერში ფოტოების გამოქვეყნების დროს განაცხადა, რომ ისინი ათწლეულების წინანდელი იყო და კლინტონმა ეპშტეინთან ურთიერთობა შეწყვიტა მანამ, სანამ მისი დანაშაულები გამჟღავნდებოდა.
კლინტონებმა იანვარში წერილი მისწერეს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს კომერს, რომელშიც გააკრიტიკეს მისი მიერ ეპშტეინის გამოძიების წარმართვა.
„თქვენ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ეპშტეინის გამოძიებასთან დაკავშირებით თავმჯდომარის რანგში დასახულმა პრიორიტეტებმა ხელი შეუშალა პროგრესს მთავრობის როლის შესახებ ფაქტების გამოვლენის კუთხით. თქვენს ქმედებებს პარტიული პოლიტიკის გარდა სხვა დამაჯერებელი ახსნა არ აქვს“, – ნათქვამია წერილში.
კომერმა ადრე აღნიშნა, რომ კლინტონებისთვის გამოწერილი უწყებები ორპარტიული კენჭისყრით დამტკიცდა და თქვა, რომ „არავინ დგას კანონზე მაღლა“. „ჩვენ თვეების განმავლობაში ვურთიერთობდით პრეზიდენტ კლინტონის იურიდიულ გუნდთან, ვაძლევდით მათ მტავალგზის შესაძლებლობას, მოსულიყვნენ, ერთი დღე დაეთმოთ ჩვენთვის და ისინი განაგრძობდნენ გადადებას, გადადებას და გადადებას“, – აღნიშნა კენტუკის შტატის „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.
GUARDIANGE


