მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მისი მონაწილეობით ადამიანების გლობალური ჩიპიზაციის და ვაქცინაციის შესახებ შეთქმულების თეორიები იმდენად სულელურია, რომ ძნელია უარყო ის

(GUARDIAN.GE) – კორპორაცია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ქველმოქმედმა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ შეთქმულების თეორია მისი მონაწილეობით ადამიანების გლობალური ჩიპიზაციის შესახებ მეტისმეტად სულელურია იმისათვის, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდება უარყოს.

კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებიდან მალევე სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში ვრცელდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ თითქოს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი პანდემიის პირობებში მიისწრაფვის იმისკენ, რომ ვაქცინა ადამიანების ჩიპირებისა და მათი გლობალური მონიტორინგისთვის გამოიყენოს.

„მე არასოდეს არ მქონია საქმე მიკროჩიპებთან. ეს იმდენად სულელური და უცნაური რამაა, თითქმის შეუძლებელია, რომ უარყო“, განაცხადა ბილ გეიტსმა, როგორც ამას გამოცემა Business Insider-ი იტყობინება.

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეორე ყველაზე მსხვილი დონორია. ფონდმა 2018-2019 წლებში ორგანიზაციის ბიუჯეტი 9,76%-ით უზრუნველყო. აღნიშნული ფონდი წამლებისა და ვაქცინების წარმოების მიმართულებით წარმოებულ კვლევებს აფინანსებს.

ბილ გეიტსი 4 წელია, რაც პანდემიის საშიშროებაზე აკეთებდა განცხადებებს და დაჟინებით მოუწოდებდა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის დონალდ ტრამპს, 2016 წლის ბოლოს, უფრო მძლავრი ნაბიჯები გადაედგათ იმისათვის, რომ მზად ყოფილიყვნენ პანდემიისთვის.

როგორც Business Insider-ი წერს, ბილ და მელინდა გეიტსების საზოგადეობის მიერ „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად და ვაქცინის გასავითარებლად $300 მილიონი დოლარის გაღების შემდეგ, ზოგიერთმა მემარჯვენე ფრთის არაფორმალურმა ჯგუფმა და ექსპერტმა იანვარში ინტერნეტში დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, რომ ვირუსის შექმნის უკან რაღაც ფორმით ბილ გეიტსი იდგა და ამისგან მას მოგების მიღება სურდა. მასობრივმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ კი ასეთი შედეგი გამოიღო:

Business Insider“-ის ცნობით, მაისის მეორე ნახევარში „Yahoo News and YouGov“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას ამერიკელების 28%-მა განაცხადა, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ შეთქმულების თეორია სიმართლე იყო, მაშინ როცა „რესპუბლიკელების“ 44%-მა და იმ ადამიანების 50%-მა, რომელიც ძირითადად „Fox News“-ის ტელემაყურებელია, თქვა, რომ ისინი ამას სიმართლედ მიიჩნევდნენ. (შედარებისთვის, ადამიანების 61-მა პროცენტმა, რომლებიც MSNBC-ს უყურებენ, განაცხადა, რომ ეს ტყუილი იყო).

გეიტსმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ როდესაც ვაქცინა მზად იქნება მასობრივი წარმოებისათვის, ის პირველად იმ ქვეყნებს უნდა მიეწოდოს, რომელთაც უფრო სუსტი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა აქვთ და სადაც სოციალური დისტანცირება ნაკლებად განხორციელებადია და არა მათ, ვინც უფრო მეტს გადაიხდის.

ბილ გეიტსის საზოგადოებამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ შემდეგ 5 წელიწადში „Gavi“-ის, ვაქცინის ალიანსს,  დამატებით $1.6 მილიარდს მისცემს, რათა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშვების იმუნიზაცია განხორციელდეს.