აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუ 16 000 აფრიკელი მიგრანტის ისრაელში დარჩენის გადაწყვეტილებას აჩერებს

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათ საღამოს გამოაცხადა, რომ იგი ყინავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოსთან ახალ შეთანხმებას, რომელიც ათასობით აფრიკელ მიგრანტს ისრაელში დროებით სტატუსს აძლევს და მისი ეს განცხადება გაეროსთან შეთანხმების მიღწევიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში გაკეთდა.

„მე გისმენთ თქვენ და განსაკუთრებით სამხრეთ თელ-ავივის მცხოვრებთ“, განაცხადა ნეთანიაჰუმ „ფეისბუქზე“ (ჰებრუზე), რითაც შეთანხმების მიმართ მემარჯვენე ფრთის კრიტიციზმის შერბილებას შეეცადა. „მე ვაჩერებ შეთანხმებას“, დაამატა მან და აღნიშნა, რომ საკითხის ხელახლა განხილვამდე იგი შინაგან საქმეთა მინისტრს არიეჰ დერის და სამხრეთ თელ-ავივის მცხოვრებლებს შეხვდება, სადაც ბევრი მიგრანტი ცხოვრობს.

როგორც „The Times of Israel“-ი წერს, ეს მისი მესამე განცხადება იყო რამდენიმე საათში, რაც შეთანხმების თაობაზე იქნა გამოცხადებული.

შუადღისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ნეთანიაჰუმ, რომლის გვერდითაც შინაგან საქმეთა მინისტრი დერი იდგა, შეაქო გეგმა, განაცხადა რა, რომ ისრაელში მყოფი 16 250 აფრიკელი მიგრანტი „განვითარებულ“ დასავლურ ქვეყნებში დასახლდება, ხოლო ამავე რაოდენობის მიგრანტს, ისრაელში დროებითი ბინადრობის უფლება მიეცემა.

„ეს შეთანხმება ნებას დართავს 16 250 მიგრანტს ისრაელიდან ისეთ განვითარებულ ქვეყნებში გაემგზავრონ, როგორიცაა კანადა, გერმანია ან იტალია“, განაცხადა ნეთანიაჰუმ. სხვა ცნობებით, მიგრანტების ნაწილს შეერთებული შტატები და შვედეთი მიიღებს.

ნეთანიაჰუს სატელევიზიო მიმართვა მთავრობის განცხადებას მოჰყვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გაეროსთან თანამშრომლობის შედეგად, შეჩერებული იყო ადრინდელი სადავო გეგმა მიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებით და ათასობით მიგრანტი ისრაელიდან დასავლეთის ქვეყნებში იქნება გაგზავნილი.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ადრინდელი გეგმა, მიგრანტების რუანდასა და უგანდაში დეპორტაციასთან დაკავშირებით, უკვე აღარ იყო მისაღები. მან ხაზი გაუსვა, რომ „კანონიერმა შეზღუდვებმა, ისევე როგორც პოლიტიკურმა სირთულეებმა [უგანდასა და რუანდაში]“ განაპირობა წინანდელი დეპორტაციის გეგმების გაუქმება.

შეთანხმების თანახმად, რასაც ნეთანიაჰუმ „საუკეთესო შესაძლებლობა“ უწოდა, თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც ისრაელში დარჩებიან, გადანაწილებული იქნებიან სამხრეთ თელ-ავივის გარეთ, ქვეყნის გასწვრივ, სხვადასხვა რაიონში, თქვა პრემიერ მინისტრმა.

„ფეისბუქზე“ განთავსებულ ვიდეოში, რომელიც მის წერილობით განცხადებას მოჰყვა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიგრანტები, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება მიეცემათ, გაყვანილი იქნებიან თელ-ავივიდან და გაიგზავნებიან კიბუცებში, სასოფლო-სამეურნეო სოფლებში და სხვა რაიონებში.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტომ შეთანხმება მის მიერ გავრცელებული განცხადებით დაადასტურა: „ჩამოყალიბდება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს გრაფიკს, 39 000 ადამიანის საკითხის გადაწყვეტის ხუთი წლის განმავლობაში განხორციელების შესახებ“.

„შეთანხმების თანახმად, გაეროს ლტოლვილთა უმალესი კომისარიატი, მიმღები ქვეყნების მხარდაჭერით, იმუშავებს იმაზე, რომ ხელი შეუწყოს 16 000-ამდე ერითრიელის და სუდანელის მესამე ქვეყნებში გამგზავრებას სხვადასხვა პროგრამის ქვეშ, მათ შორის სპონსორობით, ხელახლა დასახლებით, ოჯახის ხელახლა გაერთიანებით და მუშახელის მიგრაციის სქემებით, მაშინ როცა სხვები მიიღებენ შესაფერის ლეგალურ სტატუსს ისრაელში“, აღნიშნულია განცხადებაში.

ადრინდელი დეპორტაციის პოლიტიკა, რომელიც თითოეულ მიგრანტს 3 500 აშშ დოლარს და თვითმფრინავის ბილეთს სთავაზობდა, დაგმობილი იქნა ისრაელელი აქტივისტების და გაეროს მიერ, როგორც ქაოტური, ცუდად შესრულებული და სახიფათო. თავშესაფრის მაძიებლებმა, რომლებიც წინათ იქნენ დეპორტირებული უგანდასა და რუანდაში, The Times of Israel-ს უთხრეს, რომ ისინი სერიოზული საფრთხის, თვით პატიმრობის წინაშეც კი აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც აფრიკაში სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ჩავიდნენ.

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ პეტიციის საპასუხოდ, მარტის შუა რიცხვებში, დეპორტაცია გააუქმა.