აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჩვენ ახლა ჩართული ვართ მძლავრ შეკავებაში, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არაფერს არ გამოვრიცხავ“

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უცხოელ ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების ძალისხმევებთან დაკავშირებით განუცხადა: „ჩვენ წამზომით არ ვდგავართ. ჩვენ ვზრუნავთ ოპერაციის მიზნებზე“. უფრო ადრე მან თქვა, რომ ისრაელი სიმშვიდის აღსადგენად და დროის იმ მონაკვეთის მაქსიმალურად გაზრდისათვის იბრძვის, რომელიც „ჰამასთან“ ზავისთვის შეიძლება გაგრძელდეს.

„მხოლოდ ორი გზა არსებობს მათთან გასამკლავებლად. ან უნდა დაიპყრო ისინი – და ეს ყოველთვის ღია შესაძლებლობაა – ან შეაკავო“, განაცხადა ნეთანიაჰუმ და დაამატა: „ჩვენ ახლა ჩართული ვართ მძლავრ შეკავებაში, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არაფერს არ გამოვრიცხავ“.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ „თვითერზე“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანა ნებისმიერ ფრონტზე ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.

„ლიბანიდან სულ ახლახან 4 რაკეტა ისროლეს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, რომელთაგან ერთი განეიტრალდა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში სამიზნეებზე იერიშს ახორციელებენ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფრონტზე ნებისმიერი სცენარისთვის“, ნათქვამია განცხადებაში.

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა კი, ისრაელს ღაზაში „ორგანიზებული სახელმწიფო ტერორიზმისა და სამხედრო დანაშაულების“ განხორციელებაში დასდო ბრალი.

სატელევიზიო განცხადებაში აბასმა თქვა, რომ პალესტინელები „უყოყმანოდ შეიტანდნენ სარჩელს მათ წინააღმდეგ, ვინც მსგავს დანაშაულებს სჩადის საერთაშორისო სასამართლოების თვალწინ“.

პალესტინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა დიდ ბრიტანეთში ჰუსამ ზომლოტმა BBC-ის უთხრა, რომ რეგიონში მდგომარეობის ბოლო აფეთქება გაცილებით უფრო დიდი ისტორიული სურათის ნაწილია.

„ეს არ არის კონფრონტაცია ნეთანიაჰუსა და „ჰამასს“ შორის, ეს არის კონფრონტაცია, რომელიც 100 წელია გრძელდება ისრაელსა და პალესტინელ ხალხს შორის“, განაცხადა ზომლოტმა.

მისი შეფასებით, კონფრონტაცია ძირითადად დაფუძნებულია ჭეშმარიტების უარყოფაზე და ეს უარყოფა დაიწყო 1917 წელს ბალფურის დეკლარაციით, რომელიც „დაჰპირდა ჩვენს მიწას სხვებს, ჩვენთან კონსულტაციის გარეშე“.

დეკლარაციაში, რომელიც 1917 წლის 2 ნოემბერს გამოიცა, აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს „პალესტინაში ებრაელი ხალხის ეროვნული სახლის დაფუძნებას“.