აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მან მოიპოვა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ – მას შემდეგ, რაც ეგზიტ პოლები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც იგი მთავარ მეტოქეს, ბენი განცს უსწრებს – განაცხადა, რომ ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მან მოიპოვა.

ეგზიტ პოლებმა, რომელიც ქვეყნის სამმა მთავარმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა, მემარჯვენე ფრთის „ლიკუდის პარტიას“ 36-37 ადგილი მისცა, განცის ცენტრისტულ „ლურჯ და თეთრ“ ალიანსს 32-34, სხვებს კი 49-51.

მიუხედავად ამისა, ეგზიტ პოლები აჩვენებს, რომ „ლიკუდსა“ და მის მემარჯვენე ფრთის მოკავშირეებს შესაძლოა არ ეყოთ ადგილები უმრავლესობის შესაქმნელად.

როგორც BBC იუწყება, თუკი ეგზიტ პოლების პროგნოზი გამართლდა, „ლიკუდს“ და მის მემარჯვენე ფრთის მოკავშირეებს ჯამში 59-60 ადგილი ერგებათ – ერთი ან ორი ადგილით ნაკლები უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად.

ორშაბათს გამართული არჩევნები ერთ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში მესამე რიგგარეშე არჩევნები იყო, რადგან გასულ წელს გამართულ წინა ორ საპარლამენტო არჩევნებზე ვერც ერთმა მთავარმა პარტიამ ვერ შეძლო 120-კაციან ქნესეთში უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის ფორმირება.

70 წლის ნეთანიაჰუ ისრაელის სათავეში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ლიდერია, რომელიც მე-5 ვადით ცდილობს პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავებას. იგი ქვეყნის პრემიერი იყო 1996-1999 წლებში და ასევე ამ თანამდებობაზეა 2009 წლიდან დღემდე.

საპარლამენტო არჩევნები ორი კვირით ადრე ჩატარდა, ვიდრე პრემიერ მინისტრი სასამართლოს წინაშე კორუფციის ბრალდებით უნდა წარსდგეს, რასაც იგი კატეგორიულად უარყოფს.

GUARDIAN.GE