აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღთქმა დადო, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული ახალშენების ანექსირებას მოახდენს, თუკი ისევ მას აირჩევენ

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი ებრაული ახალშენების ანექსირებას მოახდენს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, თუკი მოსახლეობა ისევ მას აირჩევს.

ნეთანიაჰუს ისრაელის ტელევიზიით გასულ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ რატომ არ განავრცო მან ისრაელის სუვერენიტეტი დასავლეთ სანაპიროს მსხვილ ახალშენებზე.

„თქვენ მეკითხებით, გადავდივართ თუ არა შემდეგ ეტაპზე – პასუხია: დიახ, ჩვენ გადავალათ შემდეგ ეტაპზე“, განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები სამშაბათს ტარდება და ნეთანიაჰუს კონკურენციას უწევენ მემარჯვენე ფრთის პარტიები, რომლებიც მხარს უჭერენ დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას.

ებრაული ახალშენები არაკანონიერად არის მიჩნეული საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მაგრამ ისრაელი ამას არ ეთანხმება.

გასულ თვეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გოლანის მაღლობები, რომელიც 1967 წელს ისრაელმა სირიას გამოსტაცა, აღიარა როგორც ისრაელის ტერიტორია.

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროს ახალშენებში დაახლოებით 400 000 ებრაელი ჩაასახლა, ხოლო დანარჩენი 200 000 აღმოსავლეთ იერუსალიმში ცხოვრობს. დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 2.5 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.

პალესტინელებს სურთ თავიანთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში და ღაზას სექტორში და ებრაული ახალშენები ისრაელსა და პალესტინელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირების საგანს წარმოადგენს. პალესტინელები აცხადებენ, რომ დასახლებების არსებობა მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეუძლებელს ხდის.

guardian.ge