ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბელგიელმა მოსამართლემ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი და მისი მთავრობის 4 ყოფილი მინისტრი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ბელგიელმა მოსამართლემ კატალონიის პრეზიდენტობიდან გადაყენებული კარლეს პუჩდემონი და მისი მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი, რომლებიც ბელგიის პოლიციას კვირას ნებაყოფილობით ჩაბარდნენ, დაკითხვის პროცედურების შემდეგ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოზე 15 დღის განმავლობაში გამოცხადდებიან, იტყობინება „როიტერსი“.

მათ მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე ბელგიის დატოვების უფლება ჩამოერთვათ.

ესპანელმა მოსამართლემ ევროკავშირის მასშტაბით პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი პარასკევს გასცა. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ არ დაბრუნდებოდა ესპანეთში, თუკი მისი სამართლიანი სასამართლო პროცესის გამართვის გარანტიას არ მიიღებდა.

პუჩდემონთან ერთად, კვირას, პოლიციას ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი მერიტქსელ სერეტი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანტონი კომინი, კულტურის ყოფილი მინისტრი ლუის პუიგი და განათლების ყოფილი მინისტრი კლარა პონსატი ჩაბარდა. ისინი ბელგიის ფედერალურ პოილიციაში თავიანთ ადვოკატებთან ერთად კვირას, ადგილობრივი დროით 09:17 საათზე მივიდნენ, განაცხადა ბელგიის პროკურატურის წარმომადგენელმა.

მოსამართლე-გამომძიებელს 24 საათი ჰქონდა იმის გადასაწყვეტად, დაეტოვებინა თუ არა ისინი პატიმრობაში.

პუჩდემონი ბელგიაში მას შემდეგ გაიქცა, რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას დაუჭირა მხარი და რის გამოც მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დააწესა.

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული 8 მინისტრის პატიმრობაში აყვანის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს მიიღო.

სახელმწიფო ბრალმდებლებმა ასევე ბელგიაში მყოფი კატალონიის დათხოვნილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის და ოთხი სხვა იმ მაღალი თანამდებობის პირის, რომელიც სასამართლოზე არ გამოცხადდა, დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვეს.

BBC-ის ცნობით, პროკურორებმა მოსამართლეს რეგიონის 9 ყოფილი მინისტრიდან 8-ის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართეს.

კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები ხუთშაბათს მადრიდში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

მათ ბრალი აჯანყებაში, ამბოხებისკენ მოწოდებასა და საზოგადოებრივი თანხების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

დაკავებულებს შორის არიან: ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი.

პროკურორების მოთხოვნით 50 000 ევროს ოდენობის გირაო შეეფარდა ყოფილ ბიზნესის მინისტრს, სანტი ვილას. იგი მანამდე გადადგა, ვიდრე კაპატლონიის პარლამენტი 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დეკლარაციას უყრიდა კენჭს.

1-ლი ოქტომბრის სადავო დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, კატალონიის რეგიონული მთავრობის დათხოვნილი ლიდერები აჯანყების და ამბოხების მოწოდების ბრალდებებით ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს წინაშე ხუთშაბათს წარსდგნენ.

როგორც BBC იუწყება, მადრიდში, სასამართლოზე ბრალდების მხარისათვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 2 ნოემბერს 9 ყოფილი ოფიციალური პირი მივიდა, მაგრამ მათ შორის არ ყოფილან კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი და ოთხი სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომელთაც სასამართლოს გამოძახების უწყების იგნორირება მოახდინეს.

GUARDIAN.GE