მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბანკების გაკოტრებისა და ფინანსური არეულობის მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კვლავ გაზარდა, მიუხედავად შიშისა, რომ ამ ნაბიჯმა, საბანკო გაკოტრების სერიების შემდეგ, შესაძლოა ფინანსური არასტაბილურობა და ვნებათაღელვა უფრო გააძლიეროს. ფედერალურმა რეზერვმა თავისი ძირითადი განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა, საბანკო სისტემას კი „ჯანსაღი და მდგრადი“ უწოდა. მაგრამ ბანკმა ასევე გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ საბანკო გაკოტრების შედეგებმა შესაძლოა, მომავალ თვეებში ეკონომიკურ ზრდას ზიანი მიაყენოს.

ფედერალურმა ბანკმა სესხების ხარჯები ფასების სტაბილიზაციის მიზნით გაზარდა. მაგრამ გასული წლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ საბანკო სისტემაში დაძაბულობა გამოიწვია. ორი ამერიკული ბანკი – Silicon Valley Bank და Signature Bank – ამ თვეში გაკოტრდა და არსებობს შეშფოთება ბანკების მფლობელობაში არსებული ობლიგაციების ღირებულების შესახებ, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდამ შეიძლება ამ ობლიგაციების ფასი შეამციროს.

ბანკები, როგორც წესი, ობლიგაციების დიდ პორტფელებს ფლობენ და პოტენციურად, მნიშვნელოვანი დანაკარგების საფრთხის წინაშე დგანან. ბანკების მფლობელობაში არსებული ობლიგაციების ღირებულების ვარდნა პრობლემას შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს, თუკი ისინი იძულებულნი არ იქნებიან გაყიდონ ეს ობლიგაციები. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მთავრობებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ფიქრობენ, რომ წარუმატებლობები საფრთხეს უქმნის ფართო ფინანსურ სტაბილურობას და ყურადღება უნდა გადაიტანონ ინფლაციის კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობებისგან.

გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავისი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება ხუთშაბათს უნდა მიიღოს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ თებერვალში ინფლაცია მოულოდნელად 10.4%-ამდე გაიზარდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა კონცენტრირებული. მან Silicon Valley Bank-ი დაახასიათა, როგორც გამონაკლისი სხვაგვარად ძლიერ ფინანსურ სისტემაში, მაგრამ აღიარა, რომ ბოლო პერიოდის არეულობა სავარაუდოდ ზრდას შეაფერხებს, ხოლო სრული გავლენა ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ